ფეხბურთი

23:35 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" სპორტული დირექტორი: "მიქაუტაძეს გოლების გატანა ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია"

„ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა დავიდ ფრიომ ფრანგულ მედიასთან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს გოლების გატანა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია.

„მიქაუტაძე ჩვენი დიდი ხნის მიზანია, თვალს დიდი ხანი ვადევნებდით. უკვე გასულ ზაფხულს, ჩემს მოსვლამდე მუშაობდნენ ამაზე. დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ ის ლიონიდანაა, მისი ოჯახი აქაა. ძალიან ვამაყობ ამ ნაბიჯით, რადგან არ იყო ადვილი ამ ტრანსფერის განხორციელება, როცა სხვა გუნდში მისი გადასვლა გადაწყვეტილიც იყო. მოვახერხეთ ტენდენციის შეცვლა. მას გოლების გატანა ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია, ნებისმიერ დონეზე. როცა ვუყურეთ ევროპის ჩემპიონატზე მის თამაშს, ვთქვით, რომ ნამდვილად თავდაჯერებული ფეხბურთელია“, - თქვა ფრიომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოსთან" შეთანხმება მიღწეული იყო. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.

0.112349