ფეხბურთი

20:36 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაშაკშეჰირის" მწვრთნელი: "თურქულმა გუნდებმა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს ყურადღება უნდა მიაქციონ"

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „იბერია“ თურქულ „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლებს.

თამაშამდე თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩადაშ ატანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„რთული სეზონის მიუხედავად, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვება მოვახერხეთ. "იბერიას" ძლიერი გუნდი ჰყავს. მეტოქის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ ვფიქრობ, ახლა სხვა თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენი მთავარი მიზანი მატჩის განმავლობაში ბურთის კონტროლი იქნება. მეტოქე გუნდის თამაშებს ვუყურეთ, კარგად შევისწავლეთ. განსაკუთრებით გიორგი კოხრეიძე მომეწონა, ის ტექნიკური ფეხბურთელია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, თქვენი ქვეყნის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად შევაფასებ. საქართველო ყველაზე ორგანიზებული გუნდია, რომელმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო. გამოვარჩევდი ოთარ კიტეიშვილს, რომელიც ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია. ვფიქრობ, თურქულმა გუნდებმა ნიჭიერ ფეხბურთელებს ყურადღება უნდა მიაქციონ“, - თქვა ატანმა.

კომენტარი გააკეთა „ბაშაკშეჰირის“ ფეხბურთელმა დენის თურუჩმა: „იბერიასთან“ რთული და საინტერესო თამაში გველოდება. ვეცდებით ბურთზე კონტროლი გვქონდეს, რადგან მეტოქე ბურთთან ერთად ძალიან ძლიერია. გუნდი მაქსიმალურად მზადყოფნაშია და იმედი გვაქვს, სასურველი შედეგის მიღწევას მოვახერხებთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „იბერიას“ და „ბაშაკშეჰირის“ მატჩი 8 აგვისტოს, 19:45 საათზე გაიმართება.

0.11223