სხვა

18:36 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

8 აგვისტოს, ვლადიმერ გამყრელიძე იასპარეზებს, რომლის ბადე ცნობილია

პარიზის ოლიმპიადაზე 8 აგვისტოს ასპარეზობა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაიწყება.

პირველ საშეჯიბრო დღეს 86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე იასპარეზებს, რომელიც მერვედფინალში უზბეკ ჯავრაილ შაპიევს დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ რამაზანოვსა და კანადელ ალექს მურს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. 23 წლის გამყრელიძე მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

ლაშა გობაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა (3:8), მაგრამ ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, ლაშა 8 აგვისტოს რეპეშაჟში გამოვა, სადაც პირველ შეხვედრაში დანიის წარმომადგენელ ტურპალ ბისულტანოვს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უნგრელ დავიდ ლოშონჩის დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება გობაძეს მედლის მოსაპოვებლად.

თავისუფალ ჭიდაობაში ასპარეზობა 13:30 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი, 20:15 საათიდან აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

0.135164