გასულ კვირაში რაგბის კავშირის ორგანიზებით ორ სხვადასხვა ლოკაციაზე კაცთა და ჭაბუკთა ლიგების გუნდების მწვრთნელებისთვის პროფესიული მასტერკლასები გაიმართა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში.
სხვადასხვა მიმართულების მასტერკლასები ოთხმა სპეციალისტმა ჩაატარა: რაგბის კავშირის განვითარების დირექტორმა რამა ჩანდიმ შეტევაზე; ვეტერანმა ბორჯღალოსანმა და მოქმედმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ ფეხით თამაშის უნარებზე; ასევე ვეტერანმა ბორჯღალოსანმა და მოქმედმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ დერეფანში თამაშზე; სამხრეთ აფრიკელმა მწვრთნელმა ლუდვი ბოიმ შერკინებაზე.
2 აგვისტოს 4-საათიან მასტერკლასს თბილისში, ‘ლოკომოტივის’ სარაგბო ბაზამ უმასპინძლა და მან დიდი ინტერესი გამოიწვია. მასტერკლასი ჯამში 39-მა მწვრთნელმა და 24-მა მოთამაშემ გაიარა.
3 აგვისტოს სპეციალისტთა იგივე შემადგენლობა თელავს ეწვია და მასტერკლასები „კავკასიონი არენაზე“ გამართა, რომელსაც რეგიონის გუნდების 7 მწვრთნელი და 25 მოთამაშე დაესწრო.
აღნიშნული მასტერკლასების ორგანიზატორები იყვნენ რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები ივანე დავითაშვილი, გია ჭუმბურიძე, დავით კიკნაძე და აჩიკო კორინთელი.
RUGBY.GE