სხვა

17:59 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე: "მხედველობა მღალატობს და ოლიმპიადაზე მონაწილეობაც ჩემთვის მედლის ტოლფასია"

ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა შეაფასა. როგორც მან თქვა, მხედველობა ღალატობს, რის გამოც ვერ აჩვენა სახარბიელო შედეგი და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

„მოგესალმებით, ოლიმპიური სოფლიდან, როგორც იქნა მოვაღწიეთ აქამდე, რადგან, როგორც იცით, ჩვენ აქედან 300 კილომეტრით ვიყავით დაშორებული და ოლიმპიადის და დიდი დღესასწაულის შეგრძნება ფრანგებმა ცოტა გაგვიქრეს. თუმცა, მაინც მოვახერხეთ აქ ჩამოსვლა და ამ სიტუაციით სიამოვნების მიღება.

რა თქმა უნდა, ჩემი გამოსვლა არ იყო სახარბიელო, არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ „ბრმა“ ადამიანისგან ესეც დიდი მიღწევაა, როცა იღებ კვოტას ოლიმპიადაზე გამოსასვლელად, ეს იყო ჩემთვის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს მედალია ერთად აღებული. გარდა ამისა, ჩემი მწვრთნელის, მამაჩემის და ჩემი შვილის თხოვნა იყო, რომ გამეგრძელებინა კარიერა ტოკიოს ოლიმპიადის მერე და იქნებ ამეღო მე-10 ოლიმპიადისთვის ლიცენზია. ბედნიერი ვარ იმით, რომ მამის ეს ბოლო თხოვნა, ის აღარ არის ცოცხალი, მაგრამ სიცოცხლეშივე გაიგო, რომ მისი შვილი მიიღებდა ოლიმპიადაზე მეათედ მონაწილეობას. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არაფერი მიჭირს, მაგრამ ჩემს პროფესიაში, თვალები ძალიან მღალატობს და მომიტევეთ, თუ ვერ გაგახარეთ. ვეცადე, თავი ნამდვილად დამიზოგავს, მაგრამ არ გამომივიდა. მინდა, ჩემს გუნდს, საქართველოს ნაკრებს ვუსურვო წინსვლა. ვინც აიღო მედლები, ყველას ვულოცავ, მათი გამარჯვება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა. ყველაფერი წინაა და იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება მედლები“, - თქვა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ქალებს შორის ერთადერთია, ვისაც ოლიმპიურ თამაშებზე 10-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული. მას ოლიმპიურ თამაშებზე კარიერაში სამი მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის, ოქრო 1988 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115681