პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ სახეობებში შეჯიბრი კულმინაციურ მომენტშია. უკვე თითქმის ყველა სახეობაში გაირკვა ნახევარფინალური წყვილები, თუმცა, რამდენიმეში მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები დღესაა დაგეგმილი.
კალათბურთი
კალათბურთში (ვაჟები) მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. სერბეთმა ავსტრალიას დრამატულ ბრძოლაში აჯობა, ხოლო ამერიკამ ბრაზილიას, საფრანგეთმა კანადას და გერმანიამ საბერძნეთს ძალიან ადვილად მოუგეს. შედეგად ნახევარფინალური წყვილები ცნობილია და მატჩები 8 აგვისტოს გაიმართება.
საფრანგეთი - გერმანია
აშშ - სერბეთი
ქალთა შორის საკალათბურთო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, სადაც მატჩები 7 აგვისტოსაა ჩანიშნული და შემდეგი წყვილებია:
სერბეთი - ავსტრალია
ესპანეთი - ბელგია
გერმანია - საფრანგეთი
ნიგერია - აშშ
ფრენბურთი
ფრენბურთში (ვაჟები) ძალიან საინტერესო გამოდგა მეოთხედფინალური სტადია. ყველაზე დრამატული იტალია-იაპონიის მატჩი იყო. იაპონია სეტებში 2:0-ს იგებდა, მესამე სეტშიც წინ იყო (24:21), შესაბამისად სამი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ იტალიელებმა შეუძლებელი შეძლეს, სეტი გადაარჩინეს, მერე მომდევნო ორი სეტიც მოიგეს და გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებმა სამივე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მართლაც, წარმოუდგენელი ქამბექი იყო.
მთლად ასეთი დრამატული სცენარი არ ჰქონია, მაგრამ მასპინძელმა და მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმაც გერმანიასთან 0:2-დან 3:2 მოიგო. უფრო ადვილად მოიპოვეს ნახევარფინალის საგზური პოლონეთის და აშშ-ს ნაკრებებმა, რომლებმაც შესაბამისად, სლოვენია და ბრაზილია 3:1 დაამარცხეს.
ნახევარფინალი (კაცები) - 7 აგვისტო
პოლონეთი - აშშ
იტალია - საფრანგეთი
ქალთა შორის ფრენბურთშიც გაირკვა ნახევარფინალისტები: თურქეთის ნაკრებმა ჩინეთს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა 3:2, რაც მელისა ვარგასის დამსახურებაა, რომელმაც 42 ქულა(!) მიითვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილიამ ადვილად მოუგო დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებს (3:0) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მარტივად მოიპოვა ნახევარფინალის საგზური აშშ-ს ნაკრებმაც, რომელმაც მეოთხედფინალში პოლონეთს 3:0 სძლია. ისტორიაში პირველად იტალიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის ნახევარფინალში ითამაშებს. იტალიელებმა სერბეთი მარტივად, 3:0 დაამარცხეს.
ნახევარფინალი (ქალები) - 8 აგვისტო
ბრაზილია - აშშ
თურქეთი - იტალია
წყალბურთი
წყალბურთში (ვაჟები) მეოთხედფინალური მატჩები 7 აგვისტოსაა დაგეგმილი, სადაც შემდეგი მატჩები გაიმართება:
ხორვატია - ესპანეთი
საბერძნეთი - სერბეთი
იტალია - უნგრეთი
აშშ - ავსტრალია
სამაგიეროდ, ქალთა წყალბურთში უკვე გაირკვა ნახევარფინალისტები. ესპანეთის ნაკრებმა ძალიან ადვილად, 18:8 მოუგო კანადის ნაკრებს და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ნიდერლანდებმა იტალიას სძლია დამაჯერებლად 11:8 და ნახევარფინალში გავიდა. ავსტრალიის ნაკრებმა 9:6 მოუგო საბერძნეთს, ხოლო ამერიკამ უნგრეთს დაძაბულ ბრძოლაში 5:4 აჯობა.
ნახევარფინალი (ქალები) - 8 აგვისტო
ნიდერლანდები - ესპანეთი
ავსტრალია - აშშ
ხელბურთი
ხელბურთში (ვაჟები) მეოთხედფინალური მატჩები 7 აგვისტოსაა ჩანიშნული და შემდეგი წყვილებია:
ესპანეთი - ეგვიპტე
გერმანია - საფრანგეთი
დანია - შვედეთი
ნორვეგია - სლოვენია
სამაგიეროდ, ქალთა შორის უკვე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და ნახევარფინალისტები გამოვლენილია.
მეოთხედფინალში დანიამ ნიდერლანდებს აჯობა (29:25), ხოლო მასპინძელმა საფრანგეთმა გერმანია დაძაბულ ბრძოლაში 26:23 დაამარცხა, შვედეთმა უნგრეთს მოუგო 36:32, ხოლო ნორვეგიამ ბრაზილია 32:15 გაანადგურა.
ნახევარფინალი (ქალები) - 8 აგვისტო
შვედეთი - საფრანგეთი
ნორვეგია - დანია
ქალთა ფეხბურთის ნახევარფინალში ბრაზილიამ ესპანეთი 4:2 დაამარცხა, ხოლო აშშ-მ გერმანიას დამატებით დროში 1:0 აჯობა. შედეგად, უკვე გაირკვა, რომ 9 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის ესპანეთი გერმანიას შეხვდება, ხოლო ფინალში 10 აგვისტოს ბრაზილია და აშშ დაუპირისპირდებიან.
მოგეხსენებათ, კაცთა ფეხბურთის ფინალისტები მანამდე გაირკვა: ესპანეთი - საფრანგეთი (ფინალი), ხოლო ბრინჯაოსთვის მაროკო და ეგვიპტე იბრძოლებენ.