არაფერი ახალი, არაფერი მოულოდნელი: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 130 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ისევ კუბელი მოჭიდავე - მიხაინ ლოპეს ნუნიესი გახდა!
41 წლის ლოპესმა ფინალში ჩილელი იასმინი აკოსტა ფერნანდესი უშანსოდ, 6:0 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
ლეგენდარულმა კუბელმა მოჭიდავემ პარიზის ოლიმპიადაზე ფინალამდე, მერვედფინალში სამხრეთკორეელი სეუნჩან ლი 7:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს აჯობა 3:1, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საბაჰ სალეჰ შარიათის ბარიერი დაძლია (4:1). მიხაინ ლოპესი ისტორიაში პირველი ათლეტია, რომელმაც ინდივიდუალურ შეჯიბრში, ერთსა და იმავე დისციპლინაში ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
ჩემპიონობის შემდეგ ლეგენდარულმა ფალავანმა სპორტული ფეხსაცმელი გაიხადა და ხალიჩის ცენტრში დააწყო - ასე ემოციურად დაემშვიდობა სპორტს.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ირანელმა ამინ მირზაზადემ და ჩინელმა ლინჟე მენმა.
დღესვე, ჩემპიონი გაირკვა 60 კგ წონით კატეგორიაში, რომელშიც იაპონელმა კენიჩირო ფუმიტამ ჩინელი ლუგუო ცაო 4:1 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედლები ყირგიზმა ჟოლამან შარშენბეკოვმა და ჩრდილოკორეელმა სე უნ რიმ მოიპოვეს.
ფინალისტები გაირკვა ორ წონით კატეგორიაში: 77 კგ წონაში ოქროს მედლისთვის ნაო კუსაკა და ყაზახი დემეუ ჟადრაიევი შეხვდებიან, ხოლო 97 კგ წონის ფინალში სომეხი არტურ ალექსენიანი და ირანელი მოჰამადჰადი სარავი დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ მიხაინ ლოპეს ნუნიესმა ოლიმპიადა 2008 წელს პეკინში, 2012 წელს ლონდონში, 2016 წელს რიოში და 2021 წელს ტოკიოში მოიგო. სამი წლის წინ მან ფინალში ქართველი იაკობ ქაჯაია დაამარცხა. ის ასევე 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, მეტი ტიტული კი მსოფლიოზე მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ უბრალოდ ამ შეჯიბრზე აღარ მონაწილეობს.
საქართველოს 130 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამ ოლიმპიადაზე წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან ლიცენზია ვერავინ მოიპოვა, მათ შორის, ვერც იაკობ ქაჯაიამ, რომელიც ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში საქართველოს სულ 3 წარმომადგენელი ჰყავს ოლიმპიურ თამაშებზე, საიდანაც რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ასპარეზობას მერვედფინალში მარცხით დაემშვიდობა, ხოლო რამაზ ზოიძე (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) 7 აგვისტოს იჭიდავებენ.