სხვა

13:38 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: "რა წონაც იქნება საჭირო, ტალახაძე იმ წონას დაძლევს, მთავარი მიზანი მესამე ოქროა"

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გუნდის მზადებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, შოთა მიშველიძეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც მაქსიმალური დატვირთვით ვერ იასპარეზებს:

„მინდა ძიუდოისტებს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, განსაკუთრებით ბექაურის, სულამანიძის, გრიგალაშვილის, გურულის გამარჯვება. ეს არის დასაწყისი და ვფიქრობ, დარჩენილი დელეგაციაც ბევრჯერ გაახარებს გულშემატკივარს. ძალოსნობაში კულმინაციის მომენტია, 7 აგვისტოდან ჩავერთვებით. სამწუხაროდ, შოთიკო მიშველიძეს ტრავმა ჰქონდა, რომელმაც თავი კიდევ ერთხელ იჩინა. რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ გამოსვლა ჯობია არ გამოსვლას, მიიღებს მონაწილეობას სიმბოლურად, არანაირ კონკურენციაში არ შეცვა, რადგან რისკი არ ღირს, ძალიან დაზიანებული აქვს ძველი ტრავმა, რომელიც წინა თვეებში მიიღო. ეს დაზიანება მას არ აძლევს ბოლომდე გამოსვლის შესაძლებლობას. ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს ერთ დღეს მოუწევთ გამოსვლა. ვფიქრობ, ჩხეიძე ახლოს უნდა იყოს მედლებთან, იბრძოლებს და თუ რა გამოუვა, ვნახავთ. მთავარი ამოცანაა ლაშას ტიტულის შენარჩუნება და მესამე ოქროს მოპოვება. მინდა, შეგპირდეთ, რომ რა წონაც იქნება საჭირო, დაძლევს, უკან არ დავიხევთ“, - თქვა ასანიძემ.

კომენტარი გააკეთა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა:

„ოლიმპიური თამაშები ყოველთვის გამორჩეულია. ეს არის დიდი დღესასწაული სპორტული საზოგადოებისთვის. მიხარია, რომ საქართველოს დელეგაციას გარკვეული შედეგები აქვს. სულ მალე ჩემი სახეობაც ჩაერთვება და მჯერა, რომ ლაშა ტალახაძის მიერ აჟღერებული ეროვნული ჰიმნით დაგვირგვინდება. კარგ ფორმაშია, მიზანია მესამე ოლიმპიური ოქრო. კონკრეტული წონა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, გამარჯვება. ირაკლი ჩხეიძე მეოთხე-მესამე ადგილზე თუ გავა, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება, შოთიკო მიშველიძის შემთხვევაში კი, უბრალოდ მონაწილეობას დავჯერდებით“, - აღნიშნა კახიაშვილმა.

შეგახსენებთ. რომ შოთა მიშველიძე 7 აგვისტოს იასპარეზებს, ხოლო ლაშა ტალახაძე და ირაკლი ჩხეიძე 10 აგვისტოს.

0.13716