ფეხბურთი

0:10 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული გამოცემა: "ზივზივაძემ სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა"

გერმანიის II ბუნდესლიგის პირველი ტურის გმირი ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც „კარლსრუეს“ „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქით მოაგებინა (3:2).

გერმანულმა გამოცემა ka-news-მა ქართველ ფორვარდს ვრცელი სტატია მიუძღვნა:

„ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ მესამე სეზონი დაიწყო. 2023 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გოლის გატანის შემდეგ, ახლა ის ბადენური კლუბის შეტევის განუყოფელი ნაწილი გახდა. გულშემატკივართ ნაწილი წუხს, რომ მან შეიძლება „კარლსრუე“ ამ ზაფხულს მაინც დატოვოს, მაგრამ ჯერ დროა უყუროთ და ისიამოვნოთ იმ ჰეთ-თრიქით, რომელიც „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ შეასრულა.

მატჩის შემდეგ ბუდუს ბურთი გადასცეს: „მიხარია, რომ ეს ბურთი სახლში მიმაქვს, ჩემი შვილი ითამაშებს, ძალიან უყვარს“, - თქვა ბედნიერებით გაბრწყინებულმა ბუდუმ შოუს შემდეგ.

ის თავის პატარას აუცილებლად ეტყვის, რომ „ნიურნბერგთან“ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და უბრალოდ მან მოიგო მატჩი. თუმცა, ბომბარდირმა გუნდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „პირველ რიგში, მადლობა გუნდს, რადგან მათ გარეშე სამ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჩემთვის დიდებული დღე იყო, კარგი გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ“.

ქართველმა ფეხბურთელმა ეს სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა: გოლებით. მატჩის სტარტზე ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ მის თანაგუნდელებს მისთვის მომენტის შესაქმნელად ტაიმის ბოლომდე დრო დასჭირდათ. ბუდუმ ანგარიში 1:2 გახადა, შესვენების შემდეგ კი, „კარლსრუემ“ 3:2 მოიგო: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბუდუ ზივზივაძე: ქართველმა სამი შესანიშნავი გოლი გაიტანა.

„კარლსრუეს“ მწვრთნელი კრისტიან აიხნერი თავის ბომბარდირზე, რომელიც გუნდში აიხნერის მეგობრისა და „კარლსრუეს“ ყოფილი კაპიტნის, ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციით გადავიდა, ამბობს: „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუდუ ცოტა იმედგაცრუებული იყო, რომ საქართველოს ნაკრებში ცოტა ითამაშა, მაგრამ ის აბსოლუტური პროფესიონალია, ძალიან მოტივირებული მოვიდა შეკრებაზე, მომზადებული და „ნიურნბერგთან“ აჩვენა ის, რაც ვარჯიშებზეც ეტყობოდა: უზარმაზარი თავდადება.

ზიზვივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა „ნიურნბერგი“. ქართველი არ არის სპრინტერი, მაგრამ უაღრესად მოქნილი და ეფექტურია მცირე სივრცეებში. მეტოქის საჯარიმოში მისი დატრიალებები, სადაც უკიდურესად მჭიდრო სივრცეა, მას გამორჩეულს ხდის. ბურთის მიღება და დარტყმა, სწრაფი შემობრუნებით - იდეალურია. ალბათ, ბევრს გაუჩნდა მის გოლებზე ასოციაცია მცირე სივრცეებში დატრიალების მეფესთან, გოლების მანქანასთან - გერდ მიულერთან.

გოლი ნომერი პირველი: ბურთის მიღება მარცხენა ფეხით და მარჯვენათი დარტყმა. გოლი ნომერი ორი: საოცნებო გოლი - ბურთი მიიღო, თან შემობრუნდა და ბურთი ბადეში მოათავსა.

აიხნერი ბუდუს თამაშს აფასებს: „გარდა გოლებისა, მან გუნდისთვის ბევრი იმუშავა. ერთხელ მან ჩვენს ნახევარზე 3-4 მეტოქეს აჯობა. ეს აჩვენებს მის საბრძოლო სულისკვეთებას. დაბრუნების შემდეგ კარგ ფორმაშია და სასიამოვნოა, რომ ეს პირველივე მატჩში დაუფასდა“.

„კარლსრუეს“ გულშემატკივრები მატჩის შემდეგ „ვილდპარკშტადიონზე“ დიდხანს სკანდირებდნენ: „ბუდუუუუუ“. ჰეთ-თრიქისა და დიდებული გოლების წყალობით მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. ტრანსფერი? სავსებით შესაძლებელია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.113913