საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტური ქუთაისის „ტორპედოს“ და „სამტრედიას“ მატჩით დასრულდა, რომელიც ძალიან დრამატული გამოდგა.
ვინაიდან ამ ტურში გორის „დილამ“ ვერ მოიგო, „ტორპედოს“ კარგი შანსი გაუჩნდა ლიდერთან კიდევ უფრო ახლოს მისასვლელად და ეს შანსი სტივ კინის გუნდმა გამოიყენა.
თუმცა, მასპინძლებმა უმძიმეს ბრძოლაში მოიგეს: ანგარიში მე-17 წუთზე ჟოზეფ ამოაკომ გახსნა და "სამტრედია" დაწინაურდა, რასაც 20 წუთში მომო იანსანემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. იანსანეს ქუთაისური კარიერა შესანიშნავად დაიწყო - 3 მატჩი, 3 გოლი, მანამდე მან „ომონიას“ გაუტანა ორივე თამაშში.
შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კარიდან დაახლოებით 30 მეტრში „ტორპედომ“ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან ლაშა შერგელაშვილი მივიდა და გაიტანა - 2:1.
ამრიგად, „ტორპედომ“ 38 ქულა დააგროვა და „დილას“ უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, „იბერიას“ შეხვდება. „სამტრედია“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ ფოთის „კოლხეთთან“ თამაში ელოდება.
„ტორპედო“ – „სამტრედია“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ამოაკო (17), 1:1 იანსანე (36), 2:1 შერგელაშვილი (90)