საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ოლომპიური თამაშები შეაჯამა ტატო გრიგალაშვილმა. ზაფხულის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ქართველებია გამოსვლა დადებითად შეაფასა.
„შედეგს რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ, რადგან ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი გვაქვს. თუმცა, შეიძლებოდა უფრო მაღალი სინჯის და მეტი მედალიც. ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და სხვა სახეობებში ოქროს მედლებს კიდევ ველოდებით.
ძიუდო რთული სპორტია, ბევრი დრო სჭირდება, 7 თვის შვილი მყავს და ბოლო ერთი თვე არ მინახია. იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვები, რომლებიც აქ დაგხვდნენ, მომავალში მოჭიდავეები გახდებიან და წლების შემდეგ მე გადავიღებ მათთან ფოტოებს. ვაფასებ, ამ ყველაფერს.
ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე შევძლებ ჯერ მოხვედრას და შემდეგ ბრძოლას ოქროს მედლისთვის. უკვე დიდი გამოცდილება მაქვს, ორჯერ ვიყავი ოლიმპიურ თამაშებზე. რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა მთავარი საფეხურია, ყველა სპორტსმენს უნდა და მე ჯერ კიდევ ამის ნატვრაში ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლის მედალი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) მოიპოვეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრები წააგეს. ოლიმპიურ თამაშებზე ეს ძიუდოში საქართველოსთვის მეორე შედეგია, უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ წინა ოლიმპიადაზე იყო - 1 ოქრო, 3 ვერცხლი. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.