სხვა

19:35 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული ნახევარფინალში დამარცხდა და ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვს

ქართველი მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (ნახევარფინალში მარცხი ავტომატურად ბრინჯაოს ტოლფასია კრივში).

ალვარეს ბორხესი სამივე რაუნდში უპირატესობას ფლობდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. სამივე რაუნდში ხუთივე მსაჯმა უპირატესობა ბორხესს მიანიჭა, რომელიც ფინალში გავიდა.

ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა (5:0), ხოლო მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი ულუ მუხამედსაბირის დაძაბულ ბრძოლაში აჯობა (3:2), რითაც მედალი მაშინვე გაინაღდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე კრივში მედალი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 2000 წელს, სიდნეიში, ვლადიმერ ჭანტურია ასევე ბრინჯაოს დაეუფლა.

საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) - ლაშა ბექაურმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლი, ხოლო ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.

0.11761