ძიუდო

23:10 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური: "ერთი სული მაქვს საქართველოში ჩავიდე და ეს სიხარული ყველამ ერთად განვიცადოთ"

ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა გამოსვლა დაასრულეს. შედეგად, შეფასება გააკეთეს ლაშა ბექაურმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ლერი ხაბელოვმა, დავით ქევხიშვილმა და ლაშა გუჯეჯიანმა.

ეთერ ლიპარტელიანი: „მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. მადლობა ჩვენს ოჯახს, ჩვენს საყვარელ ხალხს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვესახელებინა ჩვენი ქვეყანა. ცოტა, ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ მომეპოვებინა ისტორიული მედალი, მაგრამ ამით არ დავნებდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე ეს გულისტკენა არ ვნახოთ და ჩემპიონები გავხდეთ“.

ლაშა ბექაური: „ძალიან მშვიდად ვარ, რისთვისაც ვემზადებოდი, ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ მთლიანად ძიუდოს ოჯახმა. ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს საქართველოში ჩავიდე და ჩემს ხალხთან ერთად აღვნიშნო და ეს სიხარული ყველამ ერთად განვიცადოთ“.

ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი): „მინდა, რომ ყველა გუნდის წარმომადგენელს წარმატება ვუსურვო. მინდა, რომ ყველამ მოიპოვოს მედლები. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და ეს ყველაფერზე მეტყველებს“.

დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): „დასრულდა ძიუდოსთვის ოლიმპიადა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავაგრძელეთ ის ხაზი, რაც ტოკიოში დავიწყეთ. მართალია, ერთით ნაკლები მედალი ავიღეთ, მაგრამ ეს კომპენსირდება იმით, რომ პირველად გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ფაქტობრივად, ღმერთკაცი, მითოლოგიური პერსონაჟი გამოდგა ლაშა ჩვენი ქვეყნისთვის გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელი შეძლო. თითოეულ გულშემატკივარს ანახა, რომ მონდომების შემთხვევაში ქართველებს წინ ვერაფერი დაგვიდგება. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი ერისთვის, რადგან ოლიმპიადა რიგითი შეჯიბრი არ არის. მადლობა უფალს, მადლობა გულშემატკივარს დახმარებისთვის. იმდენი ემოცია იყო, რომ ბევრ გუნდს ეყოფოდა. იყო პლუსები და მინუსებიც, მაგრამ მომავალში კურსს, რასაც ჰქვია, უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, აუცილებლად შევინარჩუნებთ“.

ლერი ხაბელოვი (სეოკ-ის პრეზიდენტი): „პირად შეჯიბრში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ლაშა ბექაური ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი, ვინც ორჯერ მოიგო ოლიმპიადა. ტატო გრიგალაშვილისგან მეტს ველოდით, რადგან რეიტინგის ლიდერია, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ ოლიმპიადა განსხვავებული შეჯიბრია, აქ ის იმარჯვებს, ვინც ფსიქოლოგიურად მზადაა. მეორე ადგილიც რა თქმა უნდა, წარმატებაა, მაგრამ ვინაიდან სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მაინც სხვა მოლოდინი გვქონდა. ილია სულამანიძემ დიდ წარმატებას მიაღწია, ფაქტობრივად მოგებული ფინალი დათმო, სამწუხაროდ, ეს არის ძიუდოს წესები, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს შინაგანი პროტესტი, რომ რაღაც არასწორი იყო, მაგრამ ეს არის ძიუდოს წესები. საერთო ჯამში შედეგი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. სამი ფინალისტი მაინც დიდი წარმატებაა, დიდი მადლობა ძიუდოს ფედერაციას გაწეული შრომისთვის. ყველაფერი წინ გვაქვს, სხვა სახეობებიდანაც ველოდებით მედლებს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლის მედალი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) მოიპოვეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრები წააგეს. ოლიმპიურ თამაშებზე ეს ძიუდოში საქართველოსთვის მეორე შედეგია, უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ წინა ოლიმპიადაზე იყო - 1 ოქრო, 3 ვერცხლი. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.

0.112611