ფეხბურთი

22:41 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" პრესეზონი წაგებით დაასრულა, მიქაუტაძემ "ლიონის" ძირითადში ითამაშა (+VIDEO)
გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" უკაპიტნა

„ნაპოლიმ“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ანტონიო კონტეს გუნდი კასტელ დი სანგროში „ჟირონას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დონი ვან დე ბეეკმა 23-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მატჩის მიწურულს ვილიამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო. ნეაპოლელთა ყველა სახიფათო იერიში ქართველის წყალობით იქნებოდა, მას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.

კვარაცხელიამ მოსამზადებელ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ეს კონტეს პირველი წაგებაა „აძურის“ რიგებში, რადგან „ნაპოლიმ“ მანამდე „ანაუნეს“, „მანტოვას“, „ეგნატიას“ და „ბრესტს“ მოუგო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი მეტოქე არ ჰყოლია.

„ნაპოლი“ სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება. "ჟირონას" რიგებში 85-ე წუთიდან ითამაშა ანტალ იაკობიშვილმა.

დღესვე, „ლიონმა“ ამხანაგურ მატჩში სტუმრად „უნიონ ბერლინი“ 4:0 გაანადგურა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს. ფრანგებმა ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, მათ შორის ორი გიფტ ორბანის აქტივშია, რომელმაც მიქაუტაძე შეცვალა. „ლიონის“ მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ გიორგიმ უფრო მეტი დროის გატარება შეძლო მოედანზე, ვიდრე წინა სპარინგში.

„სენტ ეტიენი“ ამხანაგურ შეხვედრაში 3:5 დამარცხდა „გრენობლთან“, ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა. „ვალენსია“ „ლიდსთან“ სპარინგში 1:2 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია.

"ლევანტემ" "ვილიარეალის" მეორე გუნდი 3:2 დაამარცხა. გიორგი ქოჩორაშვილმა რა თქმა უნდა, ითამაშა და რაც მთავარია, კაპიტნის სამკლაურიც მოირგო.

ამხანაგური მატჩი ჩაატარა „ემპოლიმ“, რომელიც გენუის „სამპდორიასთან“ 0:2 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში იყო საბა გოგლიჩიძე, რაც პირველად მოხდა და შეუცვლელად ითამაშა.

"ფროზინონე" რომის "ლაციოსთან" 0:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც 45-ე წუთზე მატია ძაკანისთან უხეშობისთვის გააფრთხილეს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტს ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

0.115727