3 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენებიდან მხოლოდ ძიუდოისტები იასპარეზებენ - გუნდურ შეჯიბრში, რითაც ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ასპარეზობა დასრულდება.
გუნდურის ტურნირი ექვს წონით კატეგორიაში გაიმართება: ქალებში 57, 70 და 70+ და კაცებში კი 73, 90 და +90.
ქალებში საქართველოს ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი წარადგენენ, რადგან მეტი ძიუდოისტი გოგონებში ოლიმპიადაზე საქართველოს არ ჰყავს, ხოლო ვაჟებში ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე იასპარეზებენ. მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მისი დისკვალიფიკაციის შემდეგ სულამანიძე ჩაანაცვლებს.
საქართველო, რომელიც ოლიმპიადაზე გუნდურში პირველად გამოვა, პირველი წრისგან თავისუფალია და მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც იტალიის ან უნგრეთის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს შერეული ნაკრები 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მოგეხსენებათ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველომ გამოსვლა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.
ძიუდოს გუნდური შეჯიბრი 10:00 სათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ ლაშა გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.