სხვა

21:15 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუბა გოლოვინა: "უკეთესი შედეგის ჩვენება მსურდა"

ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უკეთესი შედეგის ჩვენება სურდა.

„ჩემთვის ეს უკვე მეოთხე ოლიმპიური თამაშებია, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. მინდოდა, რომ უფრო ბედნიერი განწყობა მქონოდა, მაგრამ სპორტია, ყველაფერი ხდება. ვეცადე ყველანაირად, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ხდება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო, მეხმარებოდა და ჩემი სჯეროდა. მინდა, ყველას ვუსურვო წარმატება, იღბალი და რა თქმა უნდა, სიმშვიდე“, - თქვა გოლოვინამ.

ლუბამ 16 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა და საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა, რომლებიც ფინალში გადავიდნენ. გოლოვინამ მეოთხედ იასპარეზა ოლიმპიადაზე, 2008 წელს მეექვსე იყო, 2012 და 2016 წლებში კი - მეშვიდე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ ლაშა გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.

0.118013