ძიუდო

14:43 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან დამარცხდა, რეპეშაჟიდან კი ქართველი ჩახსნეს

პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილი ლეგენდარულ ტედი რინერთან დამარცხდა.

ქართველი კარგად ჭიდაობდა, უპირატესობას ფლობდა, უტევდა, მეტოქეს გაფრთხილებაც მიაღებინა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე წუთით და 24 წამით ადრე რინერმა გურამი იპონზე დასცა და გაიმარჯვა.

თუშიშვილს ასპარეზობა რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ტატამიზე რინერთან შეკამათების გამო, რაც იპონის შემდეგ ფრანგის მხრიდან არასპორტულ საქციელს მოჰყვა, გურამი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ასპარეზობას გამოეთიშა. თუმცა, თუშიშვილს თავის შეკავება მართებდა და ვალდებულიც იყო, მან რინერს მხარი გაჰკრა და შელაპარაკებით არ შემოიფარგლა.

ქართველი ძიუდოისტი მანამდე მერვედფინალში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაეს შეხვდა, რომელიც ძალიან ადვილად, 47 წამში იპონით დაამარცხა. მოგეხსენებათ, თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ ლაშა გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.

0.112738