სხვა

12:35 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული: "მინდა, მთელი საქართველო მაგრად გავახარო და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე"

ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში გასვლისა და მედლის განაღდების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ლაშამ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს გასახარებლად და ოლიმპიური ჩემპიონობისთვის:

„რა თქმა უნდა გახარებული ვარ, დიდი ხანი მოვდიოდი ამ გზაზე, ამ მიზნისკენ, რომ ჯერ ოლიმპიადაზე მოვხვედრილიყავი და მერე მედალი გამენაღდებინა, მაგრამ აქ მხოლოდ მედლისთვის არ ვარ, ჩემპიონობისთვის ვარ. მჯერა და მწამს, რომ შემიძლია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. თუმცა, ჯერ არ ვფიქრობ ოლიმპიურ ჩემპიონობაზე, რადგან კრივში 3-4 დღეში გვიწევს ბრძოლების ჩატარება და უნდა განეწყო მხოლოდ ერთი ბრძოლისთვის. ეს ორი ბრძოლა გადავლახე, ახლა მხოლოდ კუბელ მეტოქესთან ჩხუბზე ვფიქრობ და ფინალში რომ გავალ, შემდეგ ვიბრძოლებ ოქროსთვის.

რაც შეეხება ემოციებს, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ბოლომდე ვერ ვაანალიზებ, მაგრამ ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო გავახარე. ვფიქრობ, კრივში ახალი ისტორია დაიწერა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ.

არ მიყვარს ზოგადად მსაჯებზე და უსამართლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო: ვფიქრობდი, რომ პირველი რაუნდი მოვიგე, მაგრამ კუთხეში რომ მივედი, ვნახე, რომ 0:5 მარცხი იყო და ზუსტად ის ემოცია დამეუფლა, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რადგან მაშინაც მოვიგე რაუნდი და 0:5 წამაგებინეს. მაშინ ვიფიქრე, რომ მხოლოდ ნოკაუტით თუ მოვიგებდი, ახლაც ასე ვიფიქრე, მაგრამ ზუსტად ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ არ ღირდა ამაზე ფიქრი, მოვუხმე ძალებს, პროფესიონალიზმს, ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, მაქსიმალურად გამოვავლინე ჩემი ხასიათი და ყველაფერი დამიფასდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში, გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ერთგულ გულშემატკივარს. მინდა, რომ მთელი საქართველო მაგრად გავახარო და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე", - თქვა გურულმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.

0.117675