ძიუდო

22:08 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე: "ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ, ჩემზე მეტად გული არავის სტკივა"

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა და ახსნას ვერ უძებნის იმას, რაც ფინალში, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევის წინააღმდეგ მოხდა... ილია ვაზარით იგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე, 7-წამიან ინტერვალში, ორი გაფრთხილების მიღება მოასწრო და შიდოებით მარცხი განიცადა.

„ძალიან მობილიზებული ვიყავი, ასე არასდროს არ ვყოფილვარ. არც ერთ შეჯიბრზე არ ვყოფილვარ ასეთ ფორმაში და ასეთი განწყობით. ჩემზე მეტად ამ მომენტში გული არავის სტკივა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ბავშვობიდან, ჩემს მშობლებს, ჩემს მწვრთნელებს. გამოვასწორებ, დანებებას რა თქმა უნდა არ ვაპირებ, ყველაფერი მაგრად იქნება.

ჩემ მეტოქეებს ვგრძნობდი, ტატამსაც, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, რას დავაბრალო, რას მივაწერო, არ ვიცი. რაც არ უნდა მომხდარიყო, ის მოხდა... წავაგე, მაგრამ შემდეგში გავიმარჯვებ. ვფიქრობ, ძალიან მალე გამოვასწორებ და გავახარებ ქართველ გულშემატკივარს“, - თქვა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ვერცხლის მედალი 23 წლის ილია სულამანიძისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია.

საქართველოს დელეგაციას 6 საშეჯიბრო დღის შემდეგ 3 მედალი აქვს - ერთი ოქრო, რომელიც ლაშა ბექაურმა მოიპოვა და ორი ვერცხლი, რომლებიც ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის აქტივშია.

ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან

0.112469