ძიუდო

18:04 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბი ძიუდოისტი: "ძიუდოში ყველაფერს სატანისტები წყვეტენ"
"დღეს ძიუდოში ისინი იგებენ, ვინც ამ სატანისტებს თავს უხრიან, ჩემგან ამას ვერ ეღირსებით"

სერბი ძიუდოისტი (90 კგ) ნემანია მაიდოვი სკანდალური განცხადებით გამოვიდა. მან ძიუდოს მოწამლული სპორტი უწოდა, სადაც როგორც თავად აღნიშნა, ყველაფერს სატანისტი მსაჯები წყვეტენ.

მაიდოვი ოლიმპიადას პირველივე შეხვედრაში ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან სამი გაფრთხილებით გამოეთიშა. მას სამი შიდო რუმინელმა მსაჯმა იოანა ბაბიუცმა უჩვენა და პირველივე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მარცხი განიცადა.

მაიდოვი არ ტოვებდა ტატამის, მსაჯს ეკამათებოდა და შემდეგ ტირილი დაიწყო. მას ბერძენი მეტოქე ამშვიდებდა. მოგვიანებით მაიდოვმა ინსტაგრამის სთორში სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა

„სატანისტი ნაგავი, ძიუდოს მსაჯების კორპუსი მოწამლულია. ორი წუთის შემდეგ დისკვალიფიკაცია მომცეს და საერთოდ არ მომცეს საშუალება მეჩვენებინა, რა შემიძლია. ეს არის თქვენი ღირებულებები, სპორტი და ოლიმპიური თამაშები, ჩვეულებრივი ნაგავი. ყოველი ცრემლი უკან მოგიბრუნდება სატანისტო ნაგავო. მხოლოდ ასე შეგიძლიათ ჩემი შეჩერება, ძიუდო მოწამლულია, 100%-ით მსაჯი აკონტროლებს შეხვედრის შედეგს. იგებს ის, ვინც მათ თავს უხრის, ამას კი, ჩემგან ვერასდროს ეღირსებით. ასეთი მედალი არც მჭირდება. ჩუმად ხარ 4 წლის განმავლობაში, რადგან არ გინდა ოლიმპიადა გამოტოვო, მაგრამ გადიხარ ოლიმპიადაზე და სახლში გიშვებენ, სანამ გახურდები.

თქვენ კი, ჟურნალისტებო, მე არ დავმარცხებულვარ, არავის დავუმარცხებივარ, უბრალოდ სამი შიდოთი გამომაგდეს. ამჟამად ამ სპორტში საუკეთესოები არ იგებენ, ძიუდოში გამარჯვებისთვის საჭიროა სატანისტების უფლება. არ ვიცი მომავალში რას ვიზამ, არ მაქვს და არც მინდა, რომ დრო დავხარჯო ამ სპორტისთვის, ასეთი მსხვერპლი გავიღო, რადგან აზრი არ აქვს“, - დაწერა მაიდოვმა.

შეგახსენებთ, 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ლაშა ბექაური გახდა. მაიდოვის დამმარცხებელმა თეოდოროს ცელიდისმა კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იოანა ბაბიუცი ლაშა ბექაურის ფინალური შეხვედრის მსაჯი იყო. რუმინელ მსაჯთან პრეტენზიები რამდენიმე დღის წინ იტალიის ძიუდოს ფედერაციას და ოლიმპიურ კომიტეტს ჰქონდა, როცა ოდეტე ჯუფრიდას რუმინელმა ზედიზედ ორი შეხვედრა მხოლოდ გაფრთხილებებით წააგებინა (6 შიდო ნახევარფინალსა და ბრინაჯოს მედლის შეხვედრაში).

0.117919