ფეხბურთი

17:30 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "ევროპის ჩემპიონატი ჩემს კარიერაში საუკეთესო გამოცდილება იყო"

ლიმასოლის „არისის“ ვებგვერდზე გიორგი ქვილითაიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც გიორგი გუნდში ადაპტაციაზე, მიზნებზე და ასევე, ევრო 2024-ზე გადამხდარ თავგადასავალზე საუბრობს.

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში საოცარი გამოცდილება იყო, ერთ-ერთია იმ მომენტებიდან, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. დიდხანს ველოდით ამას ქართველები და მართლა დიდებული იყო, მთელი ქვეყანა იმ დღეებში ერთად იდგა და ყველასგან თანადგომას და დიდ სიყვარულს ვგრძნობდით, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ჩემს მთელ კარიერაში ეს საუკეთესო გამოცდილება იყო.

„არისის“ ფეხბურთელებს მეტ-ნაკლებად ვიცნობდი, წლებია კვიპროსში ვარ და მათთან კონტაქტი მქონდა თამაშის დაწყებამდე თუ დასრულების შემდეგ, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით. გუნდის სათამაშო სტილთან შეგუებას დრო დასჭირდება, რადგან აქ განსხვავებული ტაქტიკა და რაღაცებია, ვიდრე „აპოელში“ იყო, მაგრამ ვიცი, მწვრთნელი რას ითხოვს და დიდი დრო არ დამჭირდება.

კარგია, როდესაც გუნდში კონკურენციაა, როგორც გუნდისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის. „არისს“ გასულ წლებში აკლდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბურთის შენარჩუნება, რაც გუნდს ასვლაში დაეხმარება, ცხადია, მწვრთნელი ჩემგან ამას მოელის. სანამ „არისთან“ კონტრაქტს გავაფორმებდი, შევხვდი მწვრთნელს და პრეზიდენტს, ვიცი გუნდის გეგმა და მინდა, რომ გავხდე, როგორც ჩემპიონი, ისე თასის გამარჯვებული.

ჩემი თავი აღვწერო? თითქოს, ორი განსხვავებული ადამიანი ვარ მოედანზე და მის მიღმა. შეიძლება მოედანზე ცოტა ამპარტავანი ვჩანდე, მაგრამ მოედანს მიღმა განსხვავებული ვარ. პროფესიონალი ვარ, რომელსაც უყარს ფეხბურთი და მეგობრების ყოლა, კვიპროსშიც ბევრი მეგობარი მყავს“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია „არისს“ „აპოელიდან“ შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა მოსამზადებელ ეტაპზე ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110587