ფეხბურთი

13:22 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"პარტიზანის" მწვრთნელი: "მცირე შანსი არ გვაქვს, გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ"
"იბერიას" ფეხბურთელებმა სამართლიანი თამაშის საზღვრები გადალახეს, მსაჯი ორმაგი სტანდარტებით მუშაობდა"

ალბანური „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ორგეს შეჰიმ კონფერენს ლიგაზე „იბერიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, დასრულებული არაფერია და მის გუნდს შეუძლია 0:2-დან გამარჯვება, შესაბამისად მომდევნო ეტაპზე გასვლა.

„პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე მაქსიმუმის გაღება გვსურს. დავინახე ყველა ფეხბურთელის მხრიდან მზადყოფნა მიზნის მისაღწევად, ყველაფერს გავაკეთებთ. შანსები არ არის მცირე იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ არსებობს. ნამდვილად გვინდა მოგება.

ორი მატჩის ჯამში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი ძალიან კონცენტრირებულია, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თამაშის შედეგი ღიაა და ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ოღონდ, ყველაფერი სწორად, სიმშვიდით და ლოგიკით უნდა გავაკეთოთ, რადგან პირველ მატჩში, როცა ვინერვიულეთ, გოლი გავუშვით. დარწმუნებული ვართ, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

პირველ მატჩს ორი სცენარი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თითო ტაიმში თითო გოლი გავუშვით. პირველ ნახევარში გოლი უყურადღებობის გამო მივიღეთ, მეორე ნახევარში კი 10 კაცით ვიყავით და სხვა ამბავი იყო. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს.

ზოგადად, მსაჯებზე საუბარი არ მომწონს, მაგრამ პირველ მატჩში გარკვეულ მომენტებში ქართველების თამაშმა გადალახა სამართლიანი თამაშის საზღვრები. მსაჯმა ბარათებით დაგვსაჯა, მაგრამ ასევე შეეძლო მეტოქის დასჯა, იყო მომენტები, როცა მათთვის წითელი ბარათის მიცემა შეეძლო. მსაჯმა ორმაგი სტანდარტებით იმუშავა, თანმიმდევრული არ იყო“, - თქვა შეჰიმ.

შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ „პარტიზანი“ თბილისში 2:0 დაამარცხა, ხოლო დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

0.115964