პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, კალათბურთელთა ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი აშშ-ის „ოცნების გუნდი“ სამხრეთ სუდანისას დაუპირისპირდა და 103:86 (26:14, 29:22, 18:19, 30:31) მოუგო.
ამ მატჩში აშშ-ის გუნდისა და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ 39 წლის მსუბუქი ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი, გახდა მესამე მოთამაშე ამერიკელ მამაკაცთა კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 300-ზე მეტი ქულა დააგროვა.
მანამდე ამ ნიშნულისთვის მხოლოდ ორ მოთამაშეს, კევინ დიურანტსა და კარმელო ენტონის მიეღწიათ.
საკუთრივ შეხვედრაში ამერიკულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ცენტრი ედრის ადებაიო გახლდათ. თამაშის განმავლობაში მან 18 ქულა, შვიდი მოხსნა და ერთი გადაცემა შეასრულა.
სუდანელთაგან კი საუკეთესო ფორვარდი ნუნი ომოტი იყო. შეხვედრის დროს მან 24 ქულა მოაგროვა, ორი მოხსნა და ორი პასი შეასრულა.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთელთა შეჯიბრებები 27 ივლისიდან 10 აგვისტომდე ტარდება. მასში 12 გუნდი მონაწილეობს. ფინალური მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აშშ-ის ნაკრებია, რომელმაც წინა ოლიმპიადის ფინალში ფრანგები დაამარცხა.