„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის არაოფიციალური დებიუტი შედგა. ფრანგული კლუბი ამხანაგურად „ტორინოს“ გაეჯიბრა და ქართველი მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.
გიორგიმ გუნდთან ერთად მზადება ცოტა ხნის წინ დაიწყო და ჯერ დიდი დროით დატვირთვისთვის მზად არ არის, ამიტომაც 15 წუთი ათამაშეს. „ტორინოს“ რიგებში ითამაშა საბა საზონოვმაც, ისიც მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა - ორივე ქართველი ერთად შევიდა მინდორზე. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
„ლიონი“ პრესეზონზე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 3 აგვისტოს, „უნიონ ბერლინთან“ და 11 აგვისტოს „არსენალთან“, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.
„ტორინოს“ ერთი ამხანაგური თამაში დარჩა გასამართი, 3 აგვისტოს, „მეცის“ წინააღმდეგ, ხოლო 11 აგვისტოს, იტალიის თასზე „კოზენცას“ შეხვდება. ტურინელები სერია A-ს პირველ ტურში 17 აგვისტოს, „მილანს“ ესტუმრებიან.
დღესვე ამხანაგური მატჩი გაიმართა „ლევანტესა“ და „ვალენსიას“ შორის, რომელიც ასევე 0:0 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე იყო. ესპანური მედიის შეფასებით, საუკეთესო მოედანზე სტოლე დიმიტრიევსკი იყო, რომელმაც „ვალენსია“ მარცხისგან იხსნა.
„ვალენსია“ 3 აგვისტოს „ლიდსს“ და 10 აგვისტოს „აინტრახტს“ გაეჯიბრება, ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონას“ 17 აგვისტოს უმასპინძლებს. „ლევანტეს“ კიდევ სამი ამხანაგური შეხვედრა აქვს „ვილიარეალის“ მეორე გუნდთან, „სარაგოსასთან“ და „ელჩესთან“, ხოლო ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრება.
დღესვე ითამაშა "სენტ ეტიენმა", რომელმაც "მონპელიე" 2:1 დაამარცხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ამჯერად ქართველს შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. ფრანგული კლუბი ამხანაგურ მატჩებს 3 აგვისტოს „გრენობლთან“, 7 აგვისტოს „ხეტაფესთან“ და 10 აგვისტოს „ჰოლშტეინ კილთან“ ჩაატარებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „მონაკოს“ სტუმრად შეხვდება.
"გრანადაში" გიორგი წიტაიშვილს ჰქონდა არაოფიციალური დებიუტი, რომელიც "სევილიასთან" სპარინგში მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა. გრანადელებმა ეს შეხვედრა 0:2 წააგეს.