„ნაპოლიმ“ მიმდინარე პრესეზონზე მორიგი, მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ მოიგო.
ანტონიო კონტეს გუნდი კასტელ დი სანგროში ფრანგულ „ბრესტს“ გაეჯიბრა, რომელიც 1:0 დაამარცხა. 42-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 79-ე წუთამდე ითამაშა, აქტიურიც იყო. ხვიჩას ცოტა დააკლდა გოლამდეც: პირველ ტაიმში მეკარემ აჯობა, ხოლო 57-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა - ლამაზი გოლი იქნებოდა. მერე იყო შესანიშნავი პასი მოედნის ცენტრიდან, როცა პასკუალე მაძოკი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ნეაპოლელთა მცველმა ბურთი ცუდად გააჩერა.
მოგეხსენებათ, კვარასთვის ეს მეორე ამხანაგური მატჩი იყო მოსამზადებელ ეტაპზე, წინა შეხვედრაში მან ალბანურ „ეგნატიასთან“ გოლი გაიტანა. ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ ისევ 3-4-2-1 სქემით ათამაშა.
„ნაპოლი“ პრესეზონზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.