ახლა უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მორიგი ტრიუმფის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ქართული ძიუდოს ლეგენდამ თქვა, რომ რთული იყო ოქროს მედლის მოპოვება, მაგრამ ყველაფერი კარგი სწორედაც რომ რთულად მისაღწევია.
„პირველ რიგში, მადლობა უფალს, რომ მე ამომირჩია და შემაძლებინა, გავმხდარიყავი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ორი ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო და რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები ღმერთის გარეშე არ ხდება. უღრმესი მადლობა უფალს. მადლობა ჩემს ხალხს, ვიცი, რომ დღეს ჩემი სამშობლო უბედნიერესია და ამის მიზეზი ვარ მე, ქართველი კაცისთვის ამაზე მაგარი ალბათ არაფერია.
შეჯიბრი ძალიან რთული იყო. ძნელია იომო სისხლის ბოლო წვეთამდე და მიზანს მიაღწიო, მაგრამ ყველაფერი კარგი რაც არის, რთულად მისაღწევია“, - აღნიშნა ლაშამ.
ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ის ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური ოქრო ორჯერ მოიგო, თანაც ეს ზედიზედ მოახერხა.
საქართველოს დელეგაციის მონაგარი ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე თითო ოქრო-ვერცხლის მედალია.
ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან