კალათბურთი

16:06 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U18 ნაკრებმა ნორვეგიას მოუგო და ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიას შეხვდება

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლას მიუახლოვდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიასთან მატჩის უდიდეს ნაწილს აგებდა და უკან იყო თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრეც – 57:59, თუმცა დასკვნითი ეპიზოდი დიდი მობილიზებითა და შემართებით ჩაატარა, რომლის დროსაც ბურთი არ მიიღო, ხოლო ამირან აროშიძემ, ათუკა ბახტაძემ და ალექსანდრე დაუშვილმა ორქულიანები ჩააგდეს და საქართველომ უტეხი სკანდინავიელები 63:59 (სტატისტიკა) დაამარცხა.

ეს გახლდათ ყოფნა-არყოფნის მატჩი. საქართველოს 5-გუნდიან ჯგუფში თითო მოგება-წაგება ჰქონდა და ნორვეგიასთან რომ დამარცხებულიყო, ჯგუფში რჩებოდა. სკანდინავიელთათვის, რომლებსაც 2 მოგება და 1 მარცხი ჰქონდათ, ეს გახლდათ ჯგუფის ბოლო შეხვედრა და რომ მოეგოთ, ქართველებისთვის მიუწვდომელნი ხდებოდნენ. ხოლო პირველი ადგილი გარანტირებული აქვს ავსტრიას, რომელსაც 3-დან 3 მოგება აქვს.

ახლა საქართველოს მეორე ყოფნა-არყოფნის მატჩი ელის პორტუგალიასთან, რომელსაც 1 მოგება და 2 წაგება აქვს. თუ ქართველები გაიმარჯვებენ, 3 მოგებითა და 1 მარცხით მე-2 ადგილზე გადიან, ხოლო თუკი დამარცხდნენ, 3 ნაკრები – პორტუგალია, ნორვეგია და საქართველო თანაბარი ქულებით ასრულებენ ჯგუფურ ეტაპს და მათ შორის საუკეთესოს ურთიერთშეხვედრებში მითვლილი ქულათა ბალანსი გადაწყვეტს. ნორვეგიას 4 ქულით ჰყავს დამარცხებული პორტუგალია, საქართველოსთან 4-ით წააგო და ხსენებულ 3-გუნდიან ტაი-ბრეიკში ბურთების შეფარდება 0 აქვს. საქართველომ ნორვეგია 4 ქულით დაამარცხა და შესაბამისად, პლუს 4 აქვს. გამოდის, საქართველო პორტუგალიასთან ბოლო ტურში 3 ქულით წაგების შემთხვევაში გამსვლელ მეორე ადგილზე გადის.

რაც შეეხება ნორვეგიასთან მოგებულ მატჩს, საქართველომ მართლაც დიდი ბრძოლა გადაიტანა. მატჩისთვის განკუთვნილი 40 წუთიდან სკანდინავიელები 28 წუთზე მეტ ხანს ლიდერობდნენ. საქართველო ბოლო პერიოდში გააქტიურდა და გუნდური დაცვითი თამაშით მოახერხა მეტოქის შემტევთა განეიტრალება. გადამწყვეტი პერიოდი ქართველებმა 12 ქულით – 18:6 მოიგეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გაიფორმეს.

გამარჯვებაში სოლიდური წილი შემდეგმა კალათბურთელებმა დაიდეს: ბახტაძემ 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. დაუშვილმა 14 ქულა და 10 მოხსნა. ნიკოლოზ აბულაძემ თავი 11 ქულას, 7 პასს და 6 მოხსნას მოუყარა. ამირან აროშიძის ანგარიშზე კი 8 ქულა და 9 ქულა დაგროვდა.

პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრას საქართველო 31 აგვისტოს, 18:00 საათზე ჩაატარებს.

GBF.GE

0.120692