„ვილიარეალის" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ სიორლოტი „ატლეტიკოს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა - წერს ონლაინ გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც „ჟირონას“ ფორვარდმა არტიომ დოვბიკმა უარყო მადრიდელების ინტერესი და უპირატესობა „რომას“ პროექტს მიანიჭა, ესპანური კლუბი კვლავ ნორვეგიელის კანდიდატურას დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ 38 მილიონი ევრო დაუჯდება.
სიაში ასევე „სპორტინგის“ ვიქტორ დიოკერეშია, მაგრამ ლისაბონელები ფეხბურთელისთვის 100 მილიონ ევროს ითხოვენ.
სიორლოტი „ვილიარეალში“ 2023 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში თავდამსხმელმა „ყვითელი წყალქვეშა ნავების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 26 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე კლუბთან ძალაშია 2028 წლის ივნისის ბოლომდე.