ფეხბურთი

17:00 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" დაბრუნდა: "დარჩენა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა იქნება"

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაუბრუნდა. დღეს, ქართველმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხვალიდან კი, საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება.

23 წლის კარის დარაჯის ვალენსიური მომავალი ისევ ბუნდოვანია. გიორგის გაყიდვა კლუბს სურს, მაგრამ 40 მილიონ ევროდ. მაღალი ფასისა და ბაზარზე სასურველი კლუბების თითქმის არარსებობის გამო, ტრანსფერის შანსი დაბალია.

საქმე ისაა, რომ ამბიციური და დიდი კლუბები მიმდინარე ზაფხულს მეკარეს არ ეძებენ. „ნიუკასლისთვის“ მამარდაშვილი ძვირი აღმოჩნდა და ოდისეას ვლახოდიმოსი იყიდეს ინგლისელებმა, „ჩელსიმ“ ფილიპ იორგენსენი შეიძინა. ასე რომ, გიორგის მომავალი ჯერ უცნობია, თუმცა, სიტუაცია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიძლება შეიცვალოს.

გიორგიმ El Chiringuito-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვალენსიაში“ დარჩენა სურს: „დიახ, მინდა დარჩენა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება“, - თქვა მან.

ესპანური გამოცემა Relevo სენსაციურ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომლის თანახმად, საუდის არაბეთში მზად არიან მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ და „ვალენსიას“ შეთავაზება გაუკეთონ. თუმცა, არაბეთში წასვლის ვარიანტი მამარდაშვილს არ ხიბლავს და არ აპირებს ამაზე დათანხმებას. მისი მიზანი ევროპულ გრანდში თამაშია, თუნდაც წელს „ვალენსიაში“ დარჩენა მოუწიოს. მამარდამ იცის, რომ მომდევნო ზაფხულს მაინც გაიხსნება მისთვის კარგი შესაძლებლობა.

„ვალენსიაში“ მამარდას წასვლას იმდენად შეგუებული იყვნენ, რომ „რაიო ვალეკანოდან“ სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატეს, რომელმაც ამხანაგურ მატჩებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. თუმცა, ყველამ იცის, რომ მამარდაშვილი თუ დარჩება, დიმიტრიევსკის მეორე მეკარის როლით მოუწევს დაკმაყოფილება. ამიტომაც, სტოლეს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, მას „ღამურების“ დატოვება ამ ზაფხულს 3 მილიონ ევროდ შეუძლია.

„ვალენსია“ მიმდინარე პრესეზონზე სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „ლევანტესთან“ (31 ივლისი), „ლიდსთან“ (3 აგვისტო) და „აინტრახტთან“ (10 აგვისტო), ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც „ვალენსიაში“ 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110842