ფეხბურთი

12:41 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენის" მწვრთნელი: "მოუთმენლად ველით გოჩოლეიშვილის თამაშს, კონკურენცია გავაძლიერეთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი ერთწლიანი იჯარით „კოპენჰაგენს“ შეუერთდა.

ქართველი მცველის შესახებ დანიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა ისაუბრა.

„მოუთმენლად ველით გუნდში გიორგის ინტეგრაციას და პოზიციაზე კონკურენციის გაძლიერებას. დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელიც დაცვაში მყარია, გამოირჩევა სისწრაფით, თამაშობს გულით და დიდი ინტენსივობით. მოუთმენლად ველით მის თამაშს“, - აღნიშნა ნესტრუპმა.

გიორგის შესახებ ისაუბრა „კოპენჰაგენის“ სპორტულმა დირექტორმა სუნე სმიტ-ნილსენმაც.

„ჩვენ დავიმატეთ სუპერ ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდებოდით. გიორგი მაღალ დონეზე თამაშობს დიდი ხანია და ბოლოს საქართველოს ნაკრების წევრიც იყო ევროპის ჩემპიონატზე. ელიას ჯელერტის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო ამ პოზიციაზე კონკურენციის შენარჩუნება და ამიტომ გიორგისთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ამ პოზიციაზე გამოცდილი მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთზე ზეწოლა მოახდინონ სათამაშო დროისთვის“, - თქვა სმიტ-ნილსენმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია, 2022 წელს „შახტარს“ შეუერთდა, სადაც ორ სეზონში 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, სადაც თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა („ბარსელონასთან). დონეცკელთა რიგებში ახალგაზრდა ქართველი მცველი ორჯერ უკრაინის ჩემპიონი და ერთხელ უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებში მას 8-ჯერ უთამაშია, ევრო 2024-ის განაცხადშიც იყო, მაგრამ ოთხივე მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.

„კოპენჰაგენი“ გასულ სეზონში დანიის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, სადაც „მაგპისს“ პირველი მატჩი სტუმრად 3:0 მოუგო. დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში „კოპენჰაგენი“ 4 აგვისტოს, „რანდერსს“ უმასპინძლებს.

0.061416