„ნაპოლიმ“ პრესეზონზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კასტელ დი სანგროში ალბანური „ეგნატია“ 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
ქართველს წინა ორ სპარინგში არ უთამაშია, რადგან შვებულებაში იყო, გუნდს მხოლოდ 25 ივლისს შეუერთდა და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა.
21-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, კარგი კედელი გაითამაშა სტანისლავ ლობოტკასთან, ქართველმა სლოვაკის პასი მარჯვენა ფეხით მიიღო და ბურთი მარცხენა ფეხით კარში ისე გადაგზავნა, რომ მიწაზე არ დაუშვია. ასე გაიხსნა მატჩში ანგარიში და ხვიჩამ პრესეზონზე პირადი ანგარიშიც გახსნა.
შემდეგ იყო მატეო პოლიტანოს გოლი და ნეაპოლელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენებაზე ანტონიო კონტემ 11-ე ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის, ხვიჩაც, ხოლო მეორე ტაიმში ჯოვანი სიმეონემ და სირილ ნგონგემ გაიტანეს. შედეგად, „ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო.
არ უთამაშია ვიქტორ ოსიმენს. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელი პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ვარჯიშობს, არც ერთ ამხანაგურ მატჩში განაცხადში არ ყოფილა, ალბათ, მოსალოდნელი ტრანსფერია ამის მიზეზი. კონტემ ისევ 3-4-2-1 სქემა გამოიყენა.
„ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.