სხვა

18:49 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების 29 ივლისის განრიგი

ოლიმპიური თამაშების მორიგ საშეჯიბრო დღეს, 29 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს.

ორი ძიუდოისტია - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი, მესამე - მოკრივე, ლაშა გურული.

73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი ასპარეზობას პირველივე წრიდან დაიწყებს, სადაც ფრანგ იოან-ბენჟამინ ჯაბას შეხვდება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ლაშას ტანზანიელ თომას მლუგუსა და სამოელ უილიამ ტაი ტინს შორის უმჯობესთან მოუწევს დაპირისპირება. შავდათუაშვილი ზედიზედ მეოთხედ გამოვა ოლიმპიადაზე და ჯერ ის უმედლოდ არ დაუტოვებია - 2012 წელს ჩემპიონი გახდა, 2016 წელს ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო 2021 წელს - ვერცხლი.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს, მისი მეტოქე პირველ წრეში ბრიტანელი ლელე ნაირნია, ხოლო მოგების შემთხვევაში უზბეკ შუხურჯონ ამინოვასა და კოტ დივუარელ აბზეტა დაბონეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეთერმა წინა ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილის დაკავება მოახერხა. ძიუდოში წინასწარი შეხვედრები 12:000 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზეა დაგეგმილი.

კრივში, 63 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალიდან ჩაერთვება ლაშა გურული, რომელიც 22:45 საათზე აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს დაუპირისპირდება და მეოთხედფინალში გასვლას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მედლის გარეშეა.

0.064039