ფეხბურთი

20:07 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის ზღაპრული დებიუტი "სენტ ეტიენში": დუბლი და საგოლე პასი "ვილიარეალთან" (+VIDEO)
ზურიკოს არაოფიციალური დებიუტი ისეთი გამოვიდა, ყველა რომ მოაწერდა ხელს

ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენში“ წარმოუდგენლად მაგარი, ზღაპრული დებიუტი ჰქონდა.

ფრანგული კლუბი ამხანაგურ მატჩში „ვილიარეალს“ გაეჯიბრა, რომელიც 3:1 დაამარცხა, რაც მთლიანად ქართველი შემტევის დამსახურებაა!

ზურიკო მოედანზე შეცვლაზე, 46-ე წუთზე შევიდა, როცა „სენტ ეტიენი“ 0:1 მარცხდებოდა. ამის მერე აბსოლუტურად ყველაფერი შეიცალა. 56-ე წუთზე მან შორი მანძილიდან, შორეულ კუთხეში ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა. 61-ე წუთზე უკვე მარჯვენა ფლანგზე გაიხსნა კარგად და დიდებული პასი გაუკეთა ჯიბრილ ოტმანს, რომელმაც ფრანგები წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ზურიკომ დუბლი შეასრულა, როცა კიდევ ერთხელ გაისროლა შორი მანძილიდან!

ასეთ დებიუტს, თუნდაც არაოფიციალურს, ალბათ, ნებისმიერი ფეხბურთელი მოაწერდა ხელს. დავითაშვილის კარიერა „მწვანეებში“ ჩინებულად დაიწყო, თანაც, მეტოქესაც ხომ გააჩნია, „ვილიარეალთან“ დუბლი და ასისტი ნამდვილად წონადია.

„სენტ ეტიენი“ კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს მოსამზადებელ ეტაპზე „მონპელიესთან“ (31 ივლისი), „გრენობლთან“ (3 აგვისტო) და „ხეტაფესთან“ (7 აგვისტო), ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „მონაკოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.773056