კალათბურთი

0:10 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დიდი ბრიტანეთის ძლევით დაიწყო

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელსაც წლეულს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე მასპინძლობს. ლექსო ლაფანაშვილისა და მისი ასისტენტების – ნიკა მსხალაიას და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები 80:67 (სტატისტიკა) დაამარცხა.

B დივიზიონში 22 ნაკრებია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A და D ჯგუფები 5-გუნდიანია, B და C-ში კი 6-6 ნაკრებია თავმოყრილი. საქართველო D ჯგუფშია ავსტრიასთან, ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან და დღეს ძლეულ დიდ ბრიტანეთთან. -მერვედფინალში თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო ტურნირის 3 საუკეთესოს A დივიზიონის საგზურები ელოდება.

დიდ ბრიტანეთთან 13 ქულით კი ვიმარჯვეთ, თუმცა მოგება იოლად არ მოსულა. პირველი ნახევარი ბრიტანელებმა მინიმალური სხვაობით – 35:34 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თავისი სიტყვა თქვა. სწორი და გააზრებული თამაშით ქართველებმა მეტოქე გატეხეს, რომელიც სწრაფად, მაგრამ ქაოსურად თამაშობდა. ბრიტანელები პრესინგს ხშირად მიმართავდნენ, თუმცა თუკი ბურთს მოიპოვებდნენ, ხშირ შემთხვევაში კარგავდნენ, ან მოუმზადებლად უტევდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მესამე და მეოთხე პერიოდები თითქმის ერთნაირი ანგარიშით, შესაბამისად 22:16 და 24:16 მოიგო და გამარჯვება გაიფორმა. ჩვენს ნაკრებს ათუკა ბახტაძემ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. კიდევ ორმა ქართველმა – ალექსანდრე დაუშვილმა (10 ქულა, 11 მოხსნა) და ამირან აროშიძემ (13 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალეს ორმაგი დუბლი. ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივლისს, 16:00 საათზე ავსტრიას დაუპირისპირდება, რომელიც დღეს ისვენებდა. პორტუგალიისა და ნორვეგიის შეხვედრა გვიან, ღამით დასრულდება.

GBF.GE

0.11549