სხვა

22:27 | 26.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

27 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი გამოვა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისს პირველი მედლები გათამაშდება, ხოლო საქმეში ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება.

შეჯიბრის პირველ დღეს იასპარეზებს ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი. 60 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კონგოელ არნოლდ კისოკასა და ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შორის გაირკვევა. წინასწარი ასპარეზობა ძიუდოში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 18:00 საათიდან.

27 ივლისს გამოვა მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც, რომელიც მედლის ერთ-ერთი კანდიდატია. ბაზაძე, როგორც განთესილი მოფარიკავე შეჯიბრს 1/16-ფინალური სტადიიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა ირანელ მოჰამედ ფოტოუჰისა და მექსიკელ ხიბრან სეას შორის.

მისთვის, ზედიზედ მე-10 ოლიმპიადაზე ასპარეზობს ნინო სალუქვაძე, რაც რეკორდია. ქართველი 27 ივლისს 10-მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა და ეცდება 8 საუკეთესოში მოხვედრას, რომლებიც მედლისთვის იბრძოლებენ. ცნობისთვის, ფინალი 28 ივლისს გაიმართება.

ხვალვე იასპარეზებს ოლიმპიადის დებიუტანტი, 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე, რომელიც 100 მეტრით ბატერფლაიში მოსინჯავს ძალებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სპორტის 10 სახეობაში 28 ქართველი სპორტსმენი გამოვა. 28 სპორტსმენი კი, ყველაზე ცოტაა, რაც დამოუკიდებელ საქართველოს ოლიმპიადაზე ჰყოლია.

0.115205