ფეხბურთი

22:04 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" კონფერენს ლიგაზე საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო თბილისის „იბერია“, რომელმაც ალბანური „პარტიზანი“ თბილისში დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ლევან კორღალიძის გუნდი მეტოქეს აშკარად აღემატებოდა, საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტებსაც ქმნიდა. თბილისელთა აქტიურობაც დაფასდა და მეტოქეს თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა: გიზი მამაგეიშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარი კორღალიძის გუნდისთვის კარგად დაიწყო, რადგან 47-ე წუთზე ალბანელები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.

„იბერიამ“ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, რადგან მეორე გოლიც გაიტანა. გიორგი კოხრეიძისა და გიორგი ჯინჯოლავას კარგი კომბინაცია გოლით შეიკნე სილამ დაასრულა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. საბოლოოდ - 2:0.

ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა, „იბერიას“ შეეძლო რიცხობრივი უპირატესობით მეტად ესარგებლა და უფრო დიდი სხვაობით მოეგო, თუმცა, არც ახლაა ურიგო ვითარებაში.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ტირანაში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მესამე ეტაპზე დიდი ალბათობით, თურქულ „ბაშაკშეჰირს“ შეხვდება, რადგან სტამბოლელებს მეორე ეტაპზე უსუსტესი მეტოქე, სან მარინოს „ლა ფიორიტა“ ჰყავთ.

„იბერია“ – „პარტიზანი“ 2:0 (1:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„იბერია“ (4-3-3): მაკარიძე; კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა; ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90), გ. მამაგეიშვილი (ჯავი 90); ტაბატაძე (გეგუჩაძე 85), სილა (სიხარულიძე 85), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79)

მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

„პარტიზანი“ (3-4-1-2): ქირკო; ბუქსელაი (კეკო 88), სემბელე, ბიტიკი (ჯანჯევა 46); ჰადროი, მეჰმეტი (ტაიპი 71), გეიე, ზგრუო; რაპაი; კარა (პილოტო 71), ბინცუკა (ისმაილი 62)

მწვრთნელი: ორგეს შეჰი

გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31, პენ), 2:0 სილა (57)

გაფრთხილება: გ. მამაგეიშვილი (27), კოხრეიძე (34), ნონიკაშვილი (69) - რაპაი (7, 47), ბონცუკა (19), გეიე (36), ბიტიკი (44), კარა (48)

გაძევება: რაპაი (47)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 2 (0) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ანდრეი ფლორინ ჩივულეტე (რუმინეთი)

0.117923