„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელთან განიხილა, თუ რომელი ტაქტიკური სქემით უნდა ითამაშონ.
„გიორგისთან ერთად განვიხილე სისტემა, რომელსაც ვიყენებდით, ერთი თავდამსხმელით და ორი გარემარბით. მე ვუთხარი, რომ ეს დამატებითი გამოსავალია და რაც მეტი გამოსავალი გვაქვს, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს. მთავარია, საქმე ერთად გავაკეთოთ და ვფიქრობ, რომ ყველა სისტემის გამოყენება შეგვიძლია“, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ფრანგულ კლუბს, რომელიც მისთვის მშობლიურია, შეკრებაზე 27 ივლისს შეუერთდება. მისი არაოფიციალური დებიუტი კი, შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.