სხვა

15:48 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე: "ტოკიოს შემდეგ გავიზარდე, მინდა, მსოფლიოს ვაჩვენო ვინ ვარ"

ქართველი მოფარიკავის, სანდრო ბაზაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე, რომელშიც ქართველი საუბრობს პარიზის ოლიმპიადის მოლოდინებზე, სადაც იმედოვნებს, რომ ოქროს მედალს მოიპოვებს.

„მოხარული ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ვარ. ჩემი კარიერა კარგად მიდის, ამ მომენტში ვამაყობ ჩემი თავით. ვიმედოვნებ, რომ სეზონს პირველ ნომრად დავასრულებ, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ 2024 პარიზის ოლიმპიური თამაშები მოვიგე“, - თქვა ბაზაძემ.

ტოკიოს ოლიმპიადაზე მან მეოთხე ადგილი, მაგრამ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წაართვეს მედალი: „მართლაც რთული იყო, რადგან ვფიქრობ, რომ მზად ვიყავი მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ ტოკიოს შემდეგ ძალიან გავიზარდე. ამან მენტალურად გამაძლიერა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მე ვიყავი რეიტინგის ლიდერი და ჩემი სეზონები ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა მჭირდება მედლის მოპოვება, რადგან საკუთარ თავს უნდა ვაჩვენო, რომ ამას ვიმსახურებ.

ოლიმპიადას მოუთმენლად ველოდები, რადგან ამისთვის წლების განმავლობაში ვმუშაობდი. უბრალოდ მინდა წავიდე, ვიგრძნო ატმოსფერო და ვაჩვენო მსოფლიოს ვინ ვარ სინამდვილეში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის“, - თქვა ბაზაძემ.

სანდრო ბაზაძემ 2016 წლის ოლიმპიადაზე მე-13, ხოლო 2020 წლის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. სანდრო 2022-2023 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა და ამჟამად რეიტინგის ლიდერია.

0.1207