სხვა

13:18 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სპორტული დირექტორის, კიტ მაკონელის განცხადებით, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის 8,8 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

„8,8 მილიონ ბილეთზე მეტი გაყიდულია - წარმოუდგენელი ციფრია," - ამბობს მაკონელი. ირკვევა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გაყიდული ბილეთების ეს რაოდენობა რეკორდულია. აქამდე ამგვარი რეკორდი ეკუთვნოდა ატლანტის 1996 წლის თამაშებს - 8,3 მილიონი ბილეთი.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის მონაცემებით, ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი 1,2 მილიონი ბილეთი. მათ შორის, არის საფეხბურთო მატჩებზე, ასევე კალათბურთზე, ხელბურთზე და სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობაზე დასასწრები ბილეთები.

IOC-ის სპორტული დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში "მონაწილეობს სხვადასხვა სამსახურის დაახლოებით 30 ათასი თანამშრომელი".

პარიზში XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება 26 ივლისს.

GEONOC.ORG.GE

0.116369