პარიზის ოლიმპიადის წინ აშშ-ს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სამხრეთ სუდანთან, რომელიც ასევე ითამაშებს ოლიმპიადაზე.
ცხადია, ამერიკელები აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მარცხს ბეწვზე გადაურჩნენ. პირველი ტაიმი სამხრეთ სუდანმა შესანიშნავად ჩაატარა და 14 ქულით მოიგო (58:44).
მესამე პერიოდში ამერიკამ მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და დაწინაურდა, თუმცა, ბოლო მეოთხედი ისევ აფრიკელების იყო. სამხრეთ სუდანი შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე ზუსტი სამქულიანით დაწინაურდა (100:99), მაგრამ ლებრონ ჯეიმსის ორქულიანი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
სამხრეთ სუდანს მაინც შეეძლო მოგება, დარჩენილ 8 წამში ზუსტი შეტევა რომ გამოსვლოდა. საბოლოოდ, აშშ-ს ნაკრებმა 101:100 მოიგო... ამერიკელთა შორის ლებრონ ჯეიმსი იყო საუკეთესო 23 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ეს ნაკრებები ერთ ჯგუფში არიან, სერბეთსა და პუერტო რიკოსთან ერთად.