ცნობილი ესპანური გამოცემა Marca გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, „ლევანტე“ ელოდება კლუბებისგან შეთავაზებებს და ქართველი ნახევარმცველის გაყიდვას მინიმუმ 5 მილიონ ევროდ აპირებს.
„ლევანტეს“ შემადგენლობაში ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მათი ბიუჯეტის შევსება და ეს ქართველი გიორგი ქოჩორაშვილია. ნახევარმცველი ევრო 2024-ზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე საინტერესო ფეხბურთელია და კლუბიც მოუთმენლად ელოდება შეთავაზებებს, რადგან ერთ-ერთი იშვიათი, ვისაც ფინანსურად სარგებლის მოტანა შეუძლია, ქართველი ნახევარმცველია.
„ლევანტე“ ელოდება, რამდენიმე კლუბის ინტერესი გაჩნდა, საწყისი ფასი მინიმუმ 5 მილიონი ევროა, მაგრამ „ლევანტეს“ ფიქსირებული ფასი არ დაუწესებია, რადგან ნახევარმცველზე აუქციონს ელოდება. თუმცა, ცხადია, რომ ვაჭრობა 5 მილიონიდან დაიწყება და ეს იქნება ყველაზე დაბალი ფასი მყიდველისთვის.
„ლევანტემ“ ევრო 2024-ის წინ სწრაფად იმოქმედა და 25 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რაც ევროპის ჩემპიონატს შეიძლებოდა მოჰყოლოდა და ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ახლა, „ლევანტე“ ელოდება ოპერაციას, რომელიც დიდ შემოსავალს წარმოადგენს მისი ცარიელი სალაროსთვის“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ევრო 2024-ზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ქართველი ნახევარმცველი ევრო 2024-ის შემდეგ რომის "ლაციოს" და "ვილიარეალს" დაუკავშირეს.