ფეხბურთი

18:10 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: კონტე კვარაცხელიას ესაუბრა, ხვიჩა კონტრაქტს გააფორმებს

„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი ისევ გადაუჭრელია. იტალიური პრესა დიდი ხანია წერს ამ თემაზე, მაგრამ ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება კლუბის მხრიდან არ ჩანს.

ავტორიტეტული გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ხვიჩას ნებისმიერ შემთხვევაში დარჩენა მოუწევს, იმის მიუხედავად, გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს.

„შეთავაზება არის 2027 წლიდან 2029 წლამდე კონტრაქტის განახლება სეზონში 5 მილიონი ევროს ხელფასით, ბონუსებით და პრემიებით, რაც წლის განმავლობაში 7 მილიონამდე მიიყვანს. ხვიჩამ და მისმა აგენტმა დიუსელდორფში მანასა და დე ლაურენტისთან შეხვედრაში 8-მილიონიანი კონტრაქტი და გამოსასყიდი პუნქტი მოითხოვეს. ამაზე მხარეები კასტელ დი სანგროში ისევ ისაუბრებენ. დე ლაურენტისს სურს ფეხბურთელის დაჯილდოება, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება თუ არ შედგა, კვარას მაინც დარჩენა მოუწევს მოქმედი კონტრაქტით და ხელფასით“, - წერს Corriere Dello Sport-ი.

ნეაპოლური გამოცემა Area Napoli კი, წერს, რომ კვარას ანტონიო კონტე ტელეფონით ესაუბრა და მისი მაქსიმალური ნდობა დაუდასტურა. ქართველმა დარჩენა გადაწყვიტა და კონტრაქტის განახლებაზე დიალოგი გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ქართველი უახლოეს ხანში დათანხმდება ახალ ხელშეკრულებას.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით, შვებულებაშია და „ნაპოლის“ 25 ივლისს უნდა შეუერთდეს.

0.112162