ფეხბურთი

1:05 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "მინდოდა დაბრუნება, რადგან აქ ჩემი ამბავი დასამთავრებელი მაქვს"
"წავედი ბიჭი და დავბრუნდი - კაცი"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც პირველ შთაბეჭდილებებზე, წარსულზე და მოლოდინზე ისაუბრა.

„აქ ყველაფრის გასაკეთებლად დავბრუნდი. მქონდა ოცნება, „ლიონთან“ კონტრაქტის გაფორმება და ეს ოცნება ახდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, მინდოდა ბავშვობაში „ლიონში“ გამეგრძელებინა თამაში, მაგრამ თუ გზები გაიყო, ნიშნავს, რომ უნდა დავშორებულიყავით, მაგრამ ალბათ, ეს ჩემთვის კარგიც იყო. რა თქმა უნდა, ჩემთვის მორალურად დარტყმაც იყო, მაგრამ ასევე დამეხმარა მენტალურად ჩამოყალიბებაში, ეს მოხდა პატარა ასაკში, მშობლები დამეხმარნენ, რადგან რთულია, როცა შენი საყვარელი კლუბის, გარემოს დატოვება გიწევს. თუმცა, უკან დაბრუნების სურვილი მქონდა, მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებები დავიტოვე გონებაში და სიარული განვაგრძე.

მეამაყება, რომ დავბრუნდი. არ მიყურებდნენ, მაგრამ არ დავნებდი, ვიბრძოლე და დავბრუნდი. პატარა ბიჭი წავედი და დავბრუნდი, როგორც კაცი. ველოდებოდი „ლიონისგან“ ნიშანს, კლუბიც გამოჩნდა და ჩემს აგენტებს ამაზე ვესაუბრე. მინდოდა დაბრუნება, რადგან აქ ჩემი ამბავი არ დამიმთავრებია.

ლაკაზეტთან ერთად თამაში კარგი იქნება, ცოტა ვისაუბრეთ, როცა ერთმანეთს დავუპირისპირდით, ის გამოცდილი თავდამსხმელია და ვეცდები, მისგან მაგალითი ავიღო, რადგან მაღალი დონის კარიერა აქვს. იმედი მაქვს, რომ კარგად გამოგვივა ერთად თამაში, ეს ძალიან ლამაზი იქნება.

მე, ის, ასევე ბენზემა, ჩვენ თავდამსხმელები ვართ, მაგრამ მხოლოდ გოლის გატანაზე არ ვფიქრობთ, არამედ, სხვა რამეებსაც ვაკეთებთ, ვიმარჯვებთ, საგოლე პასებს ვაკეთებთ, ეს არის ის, რითაც განვსხვავდებით სხვა 9 ნომრებისგან, ვცდილობთ სივრცეები თანაგუნდელებს შევუქმნათ.

ძალიან მინდოდა „ლიონში“ მოსვლა, მაგრამ მწვრთნელის ნდობა რომ არ დამენახა, იქნებ, ეს ნაბიჯი არ გადამედგა. თუმცა, მას უნდოდა ლაკაზეტი-მიქაუტაძის დუეტი, ამიტომ მწვანე შუქი აუნთო ჩემს ტრანსფერს და ბედნიერი ვარ. ახლა საქმეს უნდა შევუდგეთ.

ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდის განვაახლებ ვარჯიშს, ნელ-ნელა დავიწყებ, ვნახოთ, როდის მექნება ოფიციალური დებიუტი“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლიონთან“ ერთად გიორგი მიქაუტაძე მზადებას 27 ივლისიდან დაიწყებს. მისი არაოფიციალური დებიუტი შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ 18 აგვისტოს „რენს“ შეხვდება, ხოლო მანამდე „არსენალთან“ ამხანაგური შეხვედრაც აქვს დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114194