ფეხბურთი

23:05 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი ფიასკო: "დინამო" კონფერენს ლიგიდან გავარდა

„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგას პირველივე სტადიაზე გამოეთიშა. ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდმა მონტენეგროს „მორნარის“ ბარიერი ვერ გადალახა.

პირველი მატჩ მონტენეგროელებმა შინ 2:1 მოიგეს და ეს უპირატესობა თბილისშიც შეინარჩუნეს.

ატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა და „დინამო“ თავიდან დაეუფლა უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-20 წუთზე კი, დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომის შედეგად ნიკოლოზ უგრეხელიძე გააძევეს - ბოლო იმედის ჯარიმისთვის.

რიცხობრივ უმცირესობაში დინამოელთა სიტუაცია ცხადია, რომ ბევრად უფრო დამძიმდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ. 33-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით სხირტლაძის კომბინაციის შემდეგ ვახტანგ სალიამ დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში გახსნა. 16 წლის შემტევის გოლით „დინამომ“ ტაიმი მოიგო და ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

თუმცა, კაცნაკლულმა თამაშმა თავისი შედეგი გამოიღო. მეორე ნახევარში ფელდჰოფერის გუნდი შეტევაში ფაქტობრივად ვერ გადადიოდა და გოლიც გაუშვა. 57-ე წუთზე დარკო ზორიჩმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. დარჩენილ დროში სიტუაცია არ შეცვლილა.

ყველაზე ახლოს გოლთან საბა ხვადაგიანი იყო, როცა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა სტუმრები ძელმა იხსნა.

ამრიგად, ფრე 1:1, ორი მატჩის ჯამში - 2:3. „დინამო თბილისმა“ ვერ მოახერხა დაეძლია ისეთი გუნდის ბარიერი, რომელიც ევროტურნირებზე ისტორიაში პირველად თამაშობდა და რბილად რომ ვთქვათ, მაღალი კლასი საერთოდ არ ჰქონდა...

ეს მორიგი კატასტროფული შედეგია.

ზოგადად, ეროვნული ლიგის შედეგებიდან, გუნდის შემადგენლობიდანაც ჩანდა, რომ "დინამოს" მიმდინარე ევროთასებზე განსაკუთრებული მიზნები ვერ და არ ექნებოდა, მაგრამ ასეთ უსახელო და სუსტ მეტოქესთან მარცხი, მართლაც მეტისმეტია.

„დინამო თბილისი“ – „მორნარი“ 1:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:3

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): მაქაცარია; ხვადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ბაგრატიონი; ოსიყმაშვილი (ლომინაძე 82), საიმონი (სამუშია 82); სალია (ცეცხლაძე 56), ოქრიაშვილი, სანტისი (კადეტე 57); სხირტლაძე (იობაშვილი 70)

მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი

„მორნარი“ (4-3-3): პოპოვიჩი; სტევანოვიჩი, მიტროიჩი, ბაოშიჩი, ვუკოტიჩი; დუბლიევიჩი (ტრიფუნოვიჩი 86), კალუდიეროვიჩი, დურიშიჩი (კიში 84); ვუშუროვიჩი, ონდომ-მბა, ზორიჩი (ცეტკოვიცი 75)

მწვრთნელი: სიმო მედიგოვიჩი

გოლები: 1:0 სალია (33), 1:1 ზორიჩი (57)

გაფრთხილება: საიმონი (37), ლომინაძე (83) - დუბლიევიჩი (34), ზორიჩი (58), ვუშუროვიჩი (90) პოპოვიჩი (90)

გაძევება: უგრეხელიძე (20)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 9 (1) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: იონ ორლიცი (მოლდოვა)

0.12537