„დორტმუნდმა“ „შტუტგარტის“ თავდამსხმელი სერჰუ გირასი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გვინეელ ფეხბურთელსა და გერმანულ კლუბს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რამდენიმე დღის წინ გირასიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, მაგრამ ამჯერად, მეორე შემოწმება წარმატებით დაძლია და ტრანსფერიც დადასტურდა.
„როდესაც დორტმუნდის „ბორუსია“ გეპატიჟება, ეს რაღაც განსაკუთრებულია. მსოფლიოში ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთით არის დაინტერესებული, იცნობს ამ კლუბს, იცის შავი და ყვითელი მაისურები, იცის ყვითელი კედელი. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ყველაფრით, ჩემი ახალი თანაგუნდელებით. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი. ეს არის ჩემი მიზანი, ეს არის ჩემი მოტივაცია. კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით აჩვენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა 28 წლის ფორვარდმა.
სერჰუ გირასიმ გასულ სეზონში „შტუტგარტის“ რიგებში ბუნდესლიგაში 28 გოლი გაიტანა და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ის საფრანგეთშია დაბადებული. გირასის „ლავალში“, „ამიენში“, „ლილში“, „ოსერში“, „კიოლნსა“ და „რენში“ უთამაშია, გვინეის ნაკრებში კი 19 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.