ხორვატიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი, ახლა კი „ალ-შაბაბის“ ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი პროფესიულ საფეხბურთო კარიერას „ჰაიდუკში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს.
წყაროს ცნობით, რაკიტიჩმა „ჰაიდუკთან“ 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში 36 წლის ივან რაკიტიჩი საუდის არაბეთის „ალ-შაბაბის“ მოთამაშე გახდა და „სევილია“ დატოვა. გასულ სეზონში ხორვატმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ბარსელონასა“ და „სევილიის“ გარდა კარიერის განმავლობაში, ივანი „ბაზელის“ და „შალკეს“ ღირსებასაც იცავდა. ნახევარმცველმა ხორვატიის ნაკრებში 106 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.