ფეხბურთი

11:35 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის, ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში ჰეთ-თრიქი გოჩა მახარაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ჟორდანიამ დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 ივლისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებების მატჩამდე, ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გულშემატკივარს სიტყვით სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა, ხოსეპ პონსეტმა მიმართეს.

ბათუმში მიმდინარე ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო B ჯგუფის გუნდები, უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარგლებში ასპარეზობენ.

ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.

GFF.GE

0.116675