„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ფრანგული და იტალიური მედია წერს.
ნიგერიელის აგენტი რობერტო კალენდა პარიზში იყო, სადაც კლუბის ბოსებს შეხვდა და მათ შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს. პსჟ მზადაა „ნაპოლისაც“ შეუთანხმდეს, მაგრამ ჯერჯერობით, ყველა დეტალი უცნობია.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ოსიმენმა არაბეთიდან სარფიან შემოთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ევროპაში დარჩენა სურდა. აფრიკელი პარიზულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 14 მილიონ ევროს მიიღებს, 4 მილიონით მეტს, ვიდრე „ნაპოლიში“ გამოიმუშავებს. ოსიმენი შესაძლოა, უახლოეს ხანებში პარიზში გაფრინდეს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს, 70 მილიონ ევროდ ფრანგული „ლილიდან“ შეიძინა. მან იტალიურ გუნდში დღემდე ჩატარებულ 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა.