საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჩვენი ქვეყნის გუნდმა სტუმრად ლიეტუვა მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდგომ თამაში მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეაფასა.
"ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, იამაყებდა ჩვენი ნაკრებით. თამაში არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მატჩის მეორე ნახევარში, ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ.
ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს.
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით.
ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ", - თქვა ანტმანმა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.