ფეხბურთი

22:27 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "გუნდური სულისკვეთების და გაწეული შრომის წყალობით მოვახერხეთ ჯგუფიდან გასვლა"

პოლონურ ვებგვერდ sportowefakty-ზე საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველის, ოთარ კაკაბაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ის ძირითადად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს შეეხო, თუმცა ასევე ოთარის საკლუბო მომავალს.

- რამდენს მიაღწიეთ თქვენ და საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე?

- ძალიან კარგი დრო იყო. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი რამ ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ძალიან ვამაყობ.

- როგორი იყო შენთვის ტურნირის შემდეგ სამშობლოში ჩასვლა? იგრძენით თუ არა თავი ეროვნულ გმირებად, რომლებსაც თბილისში ხალხი მიესალმა? თქვენ ხომ საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწიეთ.

- დაახლოებით ასე იყო. უფრო მეტიც, უკვე ტურნირის მსვლელობისას ყველამ ვიგრძენით სამშობლოში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი დიდი მხარდაჭერა. ნახეთ, რა კარგად მიგვიღეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რამდენი ხალხი შეიკრიბა ქუჩებში. დაუჯერებელი იყო, ქუჩები მართლაც გადაჭედილი იყო. ქალაქში სპეციალური ავტობუსით ვიარეთ, ვესალმებოდით გულშემატკივრებს, ხელებს ვუქნევდით და მადლობას ვუხდიდით მხარდაჭერისთვის. ეს იყო შესანიშნავი საღამო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგვამახსოვრდება.

- სანამ ჯერ კიდევ ტურნირზე იყავით, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ, მხარდაჭერის სიტყვებიც მიიღეთ კრაკოვიდან, თქვენი მეგობრებისა და პოლონელი გულშემატკივრებისგან?

- აუცილებლად, პოლონეთიდან, კლუბიდანაც მწერდნენ, დარეკეს და მილოცვები გამომიგზავნეს. ვიგრძენი მხარდაჭერა როგორც საქართველოს, ასევე პოლონეთის მხრიდან.

- თქვენი თამაში ასევე იმის დასტური იყო, რომ PKO Ekstraklasa-ს მოთამაშეს შეუძლია გაიბრწყინოს ასეთ ტურნირზე და შეიძლება იყოს ასეთი წარმატებული თავგადასავლის ნაწილი. თქვენ და ერიკ იანცამ ლიგას კარგი რეკლამა გაუკეთეთ...

- დიახ, იანცა სლოვენიასთან ერთად მერვედფინალშიც გავიდა. ამ ტურნირზე ექსტრაკლასას რამდენიმე მოთამაშე ვიყავით. ეს ასევე საკმაოდ პასუხისმგებლობაა. ადამიანს უნდა, რომ ქვეყანა, საიდანაც მოდის, აამაყოს თავისით. მგონი გამოვიდა. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ ლიგისთვის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ჩემი თანამემამულეები, ქართველები და ჩემი ლიგის გულშემატკივრები შეიძლება კმაყოფილი იყვნენ.

- ევრო 2024-ზე ჩატარებული მატჩებიდან რომელი იყო საქართველოს ნაკრების მიერ ყველაზე დასამახსოვრებელი და საუკეთესო? პორტუგალიასთან გამარჯვება?

- დიახ, ვფიქრობ, პორტუგალიასთან მატჩმა საბოლოოდ გაგვიყვანა ჯგუფიდან. მართლაც განსაკუთრებული იყო. ტურნირის წინ ბევრმა იკითხა, რატომ მიდიოდა საქართველო ევროზე, ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ ამ ტურნირზე ტურისტები ნამდვილად არ ვიქნებოდით და ვფიქრობ, მოვახერხეთ ამის დამტკიცება. ჯგუფიდან გავედით, რასაც, მგონი, არავინ ელოდა.

- პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა სცენაა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ კრიშტიანუ რონალდუს მაისური სთხოვა, რადგან ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო. რომელიმე პორტუგალიელ ვარსკვლავს მატჩის შემდეგ თუ სთხოვეთ მაისური?

- არა. რონალდუ, რა თქმა უნდა, ბევრისთვის საფეხბურთო გმირია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. თუმცა ამ მატჩის შემდეგ მაისურების გაცვლა არავისთან მიცდია. არა მარტო რონალდუსთან. ადრე, რეალურად ვცდილობდი მატჩების შემდეგ მაისურის გაცვლას, მაგრამ ახლა მირჩევნია ჩემი შევინარჩუნო.

- ვის გამოარჩევდით ამ ტურნირის გმირად საქართველოს ნაკრებში? კვარაცხელია? ან იქნებ ეს იყოს გიორგი მამარდაშვილი?

- უკეთესი იქნებოდა, ჩემს ნაცვლად ამ თემაზე ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებმა ისაუბრონ. ჩვენი გუნდის რამდენიმე მოთამაშეს მართლაც შესანიშნავი ტურნირი ჰქონდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ წარმოუდგენლად ბევრი ვიმუშავეთ, როგორც გუნდმა. ვინმეს გამოყოფა ალბათ სწორი არ იქნებოდა. თუმცა, გეთანხმები, რომ ჩვენი მეკარე მამარდაშვილი საოცარი მოთამაშეა. ჩემთვის ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ტოპ კლუბებში თამაში. მე მას იმ გუნდის მეკარედაც კი ვხედავ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისკენ ისწრაფვის. ჩემი აზრით, ის ნამდვილად უმაღლესი დონისაა. თუმცა, ბევრი დიდი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. თუმცა, შეიძლება გყავდეს გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ ტოპ-კლუბებში და ამავდროულად, შესაძლოა, გუნდურად ვერ ითამაშონ კარგად. ჩვენ კი, როგორც გუნდი, მართლაც ძალიან კარგად ვმუშაობდით, ყველა ერთად და ეს მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს ადრეც კარგი მოთამაშეები ჰყავდა, მაგრამ ასეთი შედეგი არ ჰქონია. ახლა კი გუნდური სულისკვეთების და გაწეული შრომის წყალობით მოვახერხეთ ჯგუფიდან გასვლა. ვამაყობ ჩვენი გუნდით.

- ევრო 2024-ს გამოეთიშეთ ესპანეთთან დამარცხების შემდეგ, რომელმაც მოგვიანებით ევროპის ჩემპიონატი მოიგო. არის თუ არა ეს დამატებითი პოზიტივი?

- ახლა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მას შემდეგ, რაც ტურნირს გამოვეთიშეთ, ესპანეთს აღარ ვუჭერდით მხარს. ზოგიერთი ადამიანი ახლა აღნიშნავს, რომ ჩვენ დავმარცხდით მომავალ ჩემპიონთან. შესაძლოა, ეს ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის - სულაც არა. თუმცა კვირას ფინალში ინგლისს რომ მოეგო, ესეც ჩემთვის არაფერს შეცვლის. ისიც უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ესპანელებმა გამარჯვება დაიმსახურეს იმის გამო, თუ რამდენად კარგად თამაშობდნენ. მათ დაიმსახურეს ეს ჩემპიონობა, ისინი მართლაც საუკეთესო იყო ევროპის ჩემპიონატზე.

- რა შეიძლება მოუტანოს ამ წარმატებამ საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს გრძელვადიან პერსპექტივაში? ისე, რომ ეს არ იყოს მხოლოდ წამიერი ეიფორიის მომენტი?

- მთავარია, ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ვფიქრობ, რომ საქართველოს სამომავლოდ კიდევ შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება ევროპულ ფეხბურთში. ჩვენი შემდეგი მიზანი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ქართველი პატარებისთვის საქართველოს ნაკრები ახლა შთაგონების წყაროა. ბავშვები შეიძლება "მოიწამლონ" ფეხბურთით. რა თქმა უნდა, ბევრმა ადამიანმა, ვინც საქართველოს შესახებ ევრომდე ცოტა რამ იცოდა, ჩვენი ქვეყნით დაინტერესდება იმ სიურპრიზის წყალობით, რასაც მივაღწიეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ.

- ზოგი ალბათ იკითხავს, ​​ნანობთ თუ არა ევრო 2024-ის წინ „კრაკოვიასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას? თეორიულად, ტურნირის შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე უფრო დიდი შესაძლებლობები გექნებოდათ.

- წასვლა რომ მინდოდეს, ალბათ ხელს არ მოვაწერდი, უბრალოდ მოვიცდიდი. თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე ოჯახს ვესაუბრე. სიმართლე ის არის, რომ კრაკოვში ძალიან ბედნიერი ვარ. ასე რომ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ მინდოდა წასვლა. აქ ნამდვილად თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ამიტომ ერთი წუთითაც არ მიფიქრია: "რატომ მოვაწერე ხელი ამ კონტრაქტს ევროს წინ?" ახლა არც ტრანსფერზე ვფიქრობ, აქ კიდევ სამი წლით მაქვს მოქმედი კონტრაქტი. მთლიანად ორიენტირებული ვარ ექსტრაკლასას სეზონზე და მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას.

- ანუ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეთავაზებები არ მიგიღიათ?

- არა, არა. ცოტა ხნის წინ ჩემს აგენტსაც ვესაუბრე და ტრანსფერზე არ გვისაუბრია. ჩვენ ორიენტირებული ვართ „კრაკოვიაზე“. აქ ბედნიერი ვარ და მინდა აქ დავრჩე, სადაც ასე ვგრძნობ თავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087153